თავში

საქართველოში წლიური ინფლაციის ზრდას ელიან

საქართველოში წლიური ინფლაციის ზრდას ელიან
საქართველოში წლიური ინფლაციის ზრდას ელიან

წლიური ინფლაციის კვლავ მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლებად, ვიდრე 24 დეკემბრის პროგნოზით, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში წლიურად ფასების 6.0%-ზე მაღალ მატებას გულისხმობდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

აქვე ნათქვამია, რომ ინფლაციის ყოველთვიური დინამიკა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია ერთი მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებაზე და, მეორე მხრივ, აღნიშნული ეფექტის საქსტატის მიერ გაანგარიშებაზე. იხილეთ განახლებული პროგნოზები ჩვენს მომავალ პუბლიკაციებში. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 3.91 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4.3%-ით მეტია, ხოლო წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელს 11.5%-ით აღემატება.

"წინა სამ თვეში უცვლელი 3.8%-იანი წლიური ინფლაციის შემდეგ, დეკემბერში ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე საგრძნობლად დაბალია. დეფლაციური ზეწოლა წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში სამომხმარებლო ფასების შემცირებამ (წ/წ - 21.7%) გამოიწვია, რაც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით იყო განპირობებული. აღნიშნული ჯგუფის კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში -1.94 პროცენტული პუნქტია. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, ნოემბერში წ/წ 5.1%-დან დეკემბერში წ/წ 5.3%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გაზაფხულის თვეებსა და ნოემბერშიც მოქმედებდა, შესაბამისი ეფექტი ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას შემდეგი მიზეზების გამო არ ასახულა. მოხმარება გაზაფხულის თვეებში დაბალია, შესაბამისი ჯგუფის წონა სამომხმარებლო კალათაში კი წლის განმავლობაში არ იცვლება და შედარებით მაღალია. აქედან გამომდინარე, საქსტატმა იმ დროს ეფექტის გაანგარიშებაში ჩართვა არამიზანშეწონილად მიიჩნია. რაც შეეხება ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს, მართალია მოხმარება უკვე მაღალი იყო თუმცა, მონაცემები იმ აბონენტების შესახებ ვინც სუბსიდიით ისარგებლა არ იყო ხელმისაწვდომი. ჯგუფების ჭრილში, სადაც დეკემბრის თვეში ინფლაცია გაიზარდა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა (წ/წ +6.8%) წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სხვა ძირითადი კონტრიბუტორები იყო ჯანდაცვა (წ/წ +9.6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (წ/წ +9.5%) და ალკოჰოლური სასმელები & თამბაქო (წ/წ +8.6%)," - ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგია ოპოზიციისთვის და ექსპერტების ნაწილისთვის მიუღებელია. დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, რაზეც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თავის მართლებამაც მოუწია.

შეგახსენებთ, "ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ფასების საყოველთაო მატების ფონზე საქსტატი ამტკიცებს რომ 2020 წელს წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2.4% შეადგინა. ამას კი, ასაბუთებს იმით, რომ შემცირდა კომუნალური გადასახადები, რადგან მთავრობამ მათი სუბსიდირება მოახდინა. მიქაუტაძის თქმით საქსტატის აღნიშნული მონაცემი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქსტატს უნდობლობას უცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც. პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მტკიცებით, საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა, რაც, გოცირიძის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. მისივე მტკიცებით ეს პირველი შემთხვევა არაა და ამიტომაც გოცირიძე ამ უწყების ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. 

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system