თავში

სახელმწიფო ჩარევის გარეშე პური გაძვირდება

სახელმწიფო ჩარევის გარეშე პური გაძვირდება
სახელმწიფო ჩარევის გარეშე პური გაძვირდება

სახელმწიფო ჩარევის გარეშე პური გაძვირდება. მწარმოებლები სახელმწიფო სუბსიდიას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში , ისინი ფასებს ვეღარ შეინაჩუნებენ და პური გაძვირდება.

ასეთი შინაარსის  ღია წერილით მიმართავს მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და გადაუდებელი ღონისძიებების გატარების შესახებ.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება.

ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით რომელიც მსოფლიომ განიცადა „კოვიდ-19“-ის მომდინარეობით, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის (მარტი-აპრილის თვეებში) პერიოდში მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევებზე გამკლავება, პირველ ყოვლისა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით

რამაც საშუალება მოგვცა იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგებით და მივსულიყავით ივლისის თვემდე ანუ 2020/21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად 200$/ტონის ფარგლებში სექტემბრის თვემდე, თუმცა შემდგომ თვეებში ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.," - წერენ მწარმოებლები. 

ისინი განმარტავენ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ბაზარზე პრობლემები:

1. მსოფლიო ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი , რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6 -ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება .

რუსეთში და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნების პრობლემები, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება

2 .მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30 %-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.

3. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.

4 . შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე .

"მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით , ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს.

მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი 270$/ტონა. შესაბამისად ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ.

ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებლი იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები," - წერენ მწარმოებლები. 

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზადაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system