თავში

სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი 32%-ით შემცირდა

სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი 32%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი 32%-ით შემცირდა, ამასთან, წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა.სახელმწიფო ქონების პრვატიზების შესახებ ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება გაიყიდა.

„მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა მოახდინა. სამი კვარტლის მონაცემებით გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მილიონ ლარს აჭარბებს,”-აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, უწყების ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, ბიუჯეტში 109 803 701 ლარის მობილიზება უზრუნველყო, რაც 35 552 042 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი დაასახელა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე პრივატიზების მაჩვენებლის ზრდა, სავსებით რეალისტურია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს უწყება ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაყიდვას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, ყოფილი მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი იყო 120 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system