თავში

სახელმწიფო საშუალო მედპერსონალის კვალიფიკაციაზე ზრუნვას იწყებს

სახელმწიფო საშუალო მედპერსონალის კვალიფიკაციაზე ზრუნვას იწყებს
სახელმწიფო საშუალო მედპერსონალის კვალიფიკაციაზე ზრუნვას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროში საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის შემდგომი იმპლემენტაციის სტრატეგია განიხილეს. სტრატეგია უახლოესი 5 წლის მანძილზე განვითარების სექტორულ პრიორიტეტებს და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს გულისხმობს. პროექტზე სამინისტრო მუშაობას ოქტომბერში შეუდგება. კანონპროექტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება. როგორც დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა აცხადებს, სტრატეგია 5 წელზე დეტალურადაა გაწერილი და მოიცავს სამედიცინო ბიზნესში საექთნო რგოლის მთლიან შესწავლას, ანალიზს და მათი კვალიფიკაციის უზრუნველყოფას.

"5 წლის მანძილზე ჩვენ უნდა შევაფასოთ საშუალო მედპერსონალის განვითარების დონე ქვეყანაში. ჯერ კიდევ არ ვიცით მათი ზუსტი ოდენობა, უნდა გავიგოთ, რამდენი გვყავს საერთო ჯამში. მოხდება მათი კვალიფიკაციის მიხედვით დაჯგუფება. თითოეული ჯგუფისთვის ჩატარდება სწავლებისა და გადასამზადებელი ტრეინინგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. მანამდე კი ჯანდაცვის კანონში გაჩნდება ჩარჩო მუხლი, ექთნებთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ პარლამენტს წლის ბოლომდე მივმართავთ," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ.

სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ საექთნო საქმის სპეციალისტები. საერთაშორისო ექსპერტი საექთნო საქმეში მაია გოგაშვილი Report.ge - ს უყვება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და სამედიცინო ბიზნესის სრულყოფისთვის პირველი რიგის პრობლემა, რომლის გადაჭრაზე მუშაობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

"მივესალმები რომ, როგორც იქნა, საექთნო საქმის განვითარების რეფორმა დაიწყო. ეს მოგვცემს შესაძლებლობას საქართველოშიც იმ საფეხურზე ავიყვანოთ ეს უაღრესად საჭირო პროფესია, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. მე ვურჩევდი სამინისტროს იხელმძღვანელოს თურქეთის მოდელით. ამ ქვეყანამ ზუსტად 10 წელიწადში მოახერხა ნულიდან საერთასორისო სტანდარტამდე აეწია საკუთარი ექთნების კვალიფიკაცია. ამისთვის საჭიროა ნება და ფინანსები," - განუცახადა Report.ge - ს გოგაშვილმა.

მისივე განმარტებით, რეფორმაში ფინანსები არ უნდა დაიშუროს სახელმწიფომაც და აუცილებლად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც. მაია გოგაშვილის განმარტებით, სამედიცინო ბიზნესი თავად უნდა იყოს მოტივირებული, რომ მისი პერსონალი გადამზადდეს და ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის ექთნები. საშუალო მედპერსონალის სწავლების დაფინანსებაში თანამონაწილეობა კლინიკებმაც უნდა მიიღონ. ექსპერტის მტკიცებით, ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საქართველოსიც უნდა დაინერგოს.

საექთნო საქმის რეფორმას მიესალმება საქართველოს ექთნების ასოციაციაც. ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან გარსევანიშვილი განმარტავს, რომ რეფორმაში მისი ბიზნესგაერთიანება აქტიურად ჩაერთვება. საშუალო მედპერსონალის განვითარების დონის შეფასებისას, გარსევანიშვილი Report.ge - ს უყვება, რომ სახეზეა კადრების დეფიციტი. მათი რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. პრობლემაა ასევე არსებული კადრების კვალიფიკაციის დაბალი მაჩვენებელიც. ქეთევან გარსევანიშვილის მტკიცებით, საქართველოში პრაქტიკოსი ექთნების 80% საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რაც, მისივე შეფასებით, საგანგაშო მაჩვენებელია.

"ამ რეფორმაში ჩვენი ასოციაცია თავის თავს ხედავს და ესაა ამ პროფესიის პოლულარიზაცია. ჩვენ შევეცდებით მოვიზიდოთ ამ სფეროში ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრები. ვიზრუნოთ მათსა და კლინიკებს შორის კოორდინაციაზე. ვიზრუნებთ მათ ინფორმირებულობაზე რა ხდება მსოფლიოში საექთნო საქმის განვითარების კუთხით. ჩვენ შევეცდებით გავამდიდროთ ჩვენი პროფესია ადამიანური რესურსით და ამავე დროს მათი პროფესიული უნარები და რესურსი გამოვიყენოთ სწორად," - განუცხადა Report.ge - ს ქეთევან გარსევანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system