თავში

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო იქმნება

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო იქმნება
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო იქმნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე განსახილველად იქნება გამოტანილი მთავრობის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. მისივე თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის წევრები.

„რამდენიმე დღის წინ, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. მთავრობის უახლოეს სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ.აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა. ამ დღეებში მთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system