თავში

სავალუტო კურსის ცვლილება სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდის მთავარ რისკ-ფაქტორად რჩება

სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდის მთავარ რისკ-ფაქტორად რჩება
სავალუტო კურსის ცვლილება სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდის მთავარ რისკ-ფაქტორად რჩება

კანონპროექტით განსაზღვრული მთავრობის ვალის ნაშთის მშპ-სთან ფარდობა 55.9%-ს შეადგენს, ხოლო ვალის წესის მიზნებისათვის გაანგარიშებული მაჩვენებელი, რომელიც მთავრობის ვალთან ერთად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების (PPP პროექტები) ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებასაც მოიცავს 56.8%-ს უტოლდება და ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია. 

ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნაში.

დოკუმენტში ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს ყველა PPP პროექტიდან მომდინარე ვალდებულებებს, სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული 183 საწარმოს ვალდებულებებსა და ისტორიულ ვალს ამ კომპონენტების გათვალისწინებით (ისტორიული ვალის გამოკლებით) ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 57.7%-მდე იზრდება. შეგახსენებთ, ისტორიული ვალის მოცულობა პირობითად განსაზღვრულია 672 მლნ ლარის ოდენობით.

"ვალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა მნიშვნელოვანია მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, მთავრობის ვალის ნაშთის 77%-ს საგარეო ვალი წარმოადგენს. პანდემიისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ვალის მოცულობა განსაკუთრებით მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ, რაც ზრდის ვალის წესის მაჩვენებლის 60%-იან ზღვარზე გადაჭარბების რისკს; აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტით 2021 წელს გათვალისწინებულია 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვა ბიუჯეტის ნაშთში აკუმულირებული თანხიდან. შედეგად, ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება (34 მლნ ლარამდე), რაც მოსალოდნელზე უარესი ეკონომიკური სცენარის განვითარებისა და წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი გადასახდელების წარმოქმნის შემთხვევაში, ზრდის დამდგარი საჭიროებების დასაფინანსებლად დამატებითი ვალდებულებების აღების რისკს; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ დროულად განაახლოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია საშუალოვადიანი პერიოდისათვის, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის ხედვა თუ როგორ დაუბრუნდება მთავრობის ვალის პორტფელი კრიზისის პერიოდამდე არსებულ ნიშნულს," - განმარტებულია ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

რაც შეეხება, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელს, სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, წარმოდგენილი კანონპროექტით მისი მოცულობა 3.6 მლრდ ლარით (12.7%) იზრდება და 32 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ ზრდაში საგარეო ვალის ეფექტი 73.4%-ს შეადგენს და სავალუტო კურსის ცვლილება კვლავ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ლარი აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურსის ერთჯერადი გაუფასურება 30%-ს უტოლდება.

დოკუმენტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მისაღები ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი (63.2%) საინვესტიციო ხასიათისაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით საკმაოდ მაღალია ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოცულობა (800 მლნ ლარი);

კანონპროექტზე თანდართული „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შოკის მატერიალიზაციის შემთხვევაში, მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი სცდება 60%-იან ლიმიტს და 72.1%-ს აღწევს. გასათვალისწინებელია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი სცენარები ეყრდნობა მხოლოდ მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელს და არ ითვალისწინებს პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებებს. წარმოდგენილი ცვლადებისა და შოკების რეალისტურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული კომპონენტიც;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system