თავში

სახელმწიფომ 40 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გასცა

სახელმწიფომ 40 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გასცა
სახელმწიფომ 40 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გასცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 ოქტომბრის მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემულია 2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.3 მლნ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 

მონაცემი უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა. ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. მინისტრის თქმითვე, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

შეგახსენებთ, პროგრამის "შეღავათიანი აგროკრედიტის" განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

დავითაშვილის თქმით, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500-ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200-ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო.

დავითაშვილის ინფორმაციით, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა.

კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. თითქმის ხუთჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე ხუთჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი.

მინისტრ დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system