თავში

საქსტატი ბრალდებებს პასუხობს

საქსტატი ბრალდებებს პასუხობს
საქსტატი ბრალდებებს პასუხობს

"გასული დღეების განმავლობაში, საქსტატის მიმართ, ზოგიერთი პირის მხრიდან ისმის არაკვალიფიციური და უსაფუძვლო კრიტიკა, 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას და დეზინფორმაციის გავრცელებას," - ასე პასუხობს რომან გოცირიძისა და გიგლა მიქაუტაძის მიერ საქსტატისადმი გამოცხადებულ უნდობლობას ინფლაციასთან დაკავშირებით. 

უწყების განმარტებით, ინფლაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასახოს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება, ანუ, სხვაგვარად, ინფლაციამ უნდა ასახოს იმ ფასების ცვლილება, რომელსაც ფაქტიურად იხდის რიგითი მომხმარებელი.

საქსტატის განმარტებით, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს . აქედან გამომდინარე, მოხდა აღნიშნული სუბსიდირების შედეგის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

საქსტატი განმარტავს, რომ გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მონაცემები იმ აბონენტების შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდიით, ასევე ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში მთლიანად დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის ღირებულებაში სუბსიდიით მოსარგებლე აბობენტების მიერ დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის წილის შესახებ.

"ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შესაბამისად, სუბსიდირების გათვალისწინების მიზნით განხორციელდა დახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის წილის გაანგარიშება მათზე გაწეულ მთლიან დანახარჯებში იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდირების პროგრამით. პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი. საქსტატის გუნდი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაციები და მიაწოდოს შესაბამისი მეთოდოლოგიური ხასიათის განმარტებები," - აცხადებენ საქსტატში და იქვე განმარტავენ, რომ 2020 წლის ნოემბრიდან „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის განხორციელდა დახარჯული ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება უშუალოდ მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის - მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.

შეგახსენებთ, "ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ფასების საყოველთაო მატების ფონზე საქსტატი ამტკიცებს რომ 2020 წელს წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2.4% შეადგინა. ამას კი, ასაბუთებს იმით, რომ შემცირდა კომუნალური გადასახადები, რადგან მთავრობამ მათი სუბსიდირება მოახდინა. მიქაუტაძის თქმით საქსტატის აღნიშნული მონაცემი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქსტატს უნდობლობას უცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც. პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მტკიცებით, საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა, რაც, გოცირიძის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. მისივე მტკიცებით ეს პირველი შემთხვევა არაა და ამიტომაც გოცირიძე ამ უწყების ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. 

ცნობისთვის, დღეს საქსტატმა წლიური და თვიური ინფლაციის მაჩვენებელი გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

რა გაძვირდა და გაიაფდა დეკემბერში გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system