თავში

საქსტატი უმუშევრობასა და დასაქმებას ახლებურად ითვლის

საქსტატი უმუშევრობასა და დასაქმებას ახლებურად ითვლის
საქსტატი უმუშევრობასა და დასაქმებას ახლებურად ითვლის

დღეიდან საქსტატი უმუშევრობას საქართველოში ახლებურად ითვლის. უწყების განმარტებით,  მეთოდოლოგიური ცვლილებები სამუშაო ძალის სტატისტიკის გამოკვლევაში საქართველოში დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე. ხოლო ახალი სტანდარტი ILO-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013 წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე. 

საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა 2019 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. 

"2019-2020 წლებში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის და ევროსტატის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქსტატის მიერ სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები და შესრულდა მთელი რიგი აქტივობები, კერძოდ: 

1. შევიდა ცვლილებები სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარებში, რაც სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მასშტაბების შეფასების მიზნით, ითვალისწინებდა შესაბამისი კითხვების დამატებას; 

2.მომზადდა ახალი სტანდარტების შესაბამისი კითხვარები და შემუშავდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო; 

3. განხორციელდა ახალი კითხვარების ტესტირება და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევა,

4. 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მონაცემთა შეგროვება როგორც ძველი, ისე ახალი კითხვარების მეშვეობით;

5. განხორციელდა შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ახალი სტანდარტების შესაბამისი ინდიკატორების გაანგარიშება. 

"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა. კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. ახალი სტანდარტის დანერგვამ დღის წესრიგში დააყენა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშების საკითხი, რაც აუცილებელი იყო წინა პერიოდის მონაცემებთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, დანიის სტატისტიკის სამსახურისა და ევროსტატის ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა ადრე გამოქვეყნებული მონაცემების გადაანგარიშება და განახლება 2010 წლიდან,"  - განმარტავენ საქსტატში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system