თავში

საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს

საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს
საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს

საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, საქსტატის სამოქმედო გეგმა ჟურნალისტებს გააცნო.

მისი ინფორმაციით, შემდეგ წლებში საქსტატს საქმიანობის სამი ძირითადი პრიორიტეტი ექნება: 

მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება, 

მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების ეფექტიანი სისტემების შექმნა და დანერგვა, 

სტატისტიკის მწარმოებელი უწყების, საქსტატის შესაძლებლობების გაძლიერება.

თიდრაძის თქმით, სტატისტიკის სამსახური 2020 წელს რამდენიმე ახალ მიმართულებასაც შემოგვთავაზებს, მათ შორისაა ორი კვლევა, დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასება განათლების სექტორში და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში. გამოქვეყნდება მედიანური ხელფასის მაჩვენებლებიც.

თოდრაძემ საქართველოში დასაქმების მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება. 

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში 800 000 თვითდასაქმებული მოქალაქეა აღრიცხული, მათგან 80%-მდე სოფლად უსასყიდლოდ, საკუთარ მამულში მუშაობს. ამ ადამიანების ნახევარზე მეტი კი მიღებულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს. ასეთი ადამიანები კი ახალი მეთოდოლოგიით თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის მაჩვენებლის შედეგებს საქსტატი სავარაუდოდ 2020 წლის ნოემბერში წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system