თავში

სალომბარდო მომსახურების მიმართ მოთხოვნა მატულობს

სალომბარდო მომსახურების მიმართ მოთხოვნა მატულობს
სალომბარდო მომსახურების მიმართ მოთხოვნა მატულობს

ლომბარდების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია, რის მიზეზადაც სპეციალისტები ბანკების მხრიდან სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას მიიჩნევენ. ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, ამით არის განპირობებული ლომბარდების მიმართ გაზრდილი ინტერესი, ხოლო მომსახურებით მოსარგებლე პირთა უმეტესობა ღარიბი მოსახლეობაა, რომელსაც ფულის მიღების სხვა საშუალება არ გააჩნია.

,,ლომბარდი არის ღარიბი მოსახლეობის საფინანსო სექტორი, ზოგადად ასეა მთელ მსოფლიოში, სადაც ლომბარდი არსებობს. ამ მომსახურების გააქტიურება მოქალაქეების მხრიდან ფულის ქრონიკული უკმარისობის განცდას უკავშირდება. მოსახლეობა, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანები, ცდილობენ ფიზიკურად გადარჩნენ და ინტენსიურად სარგებლობენ ლომბარდების მომსახურებით ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ეს არის ცუდი ტენდენცია. ლომბარდების მზარდი მომსახურება აშკარად მიუთითებს, რომ როგორც კომერციულმა ბანკებმა, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, ხელი აიღეს ღარიბი მოსახლეობის დაფინანსებაზე. გამოსავალი აქედან შეიძლება იყოს სახელმწიფო ბანკის შექმნა, როგორიცვაა ვთქვათ, ბანგლადეიში, ინდოეთში, ჩინეთსა და ისეთ ქვეყნებში, სადაც ღარიბი მოქალაქეები პროცენტულად მაღალია. იქ შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო ბანკები, რომლის მიზანი იყო ღარიბი მოსახლეობის დაფინანსება, დაახლოებით 20 დოლარის ოდენობით, ასეთ მწირ თანხას ადამიანი ყოველთვის აბრუნებს, ამიტომ მსგავსი ორგანიზაციის შექმნა ძალიან გამართლებული იქნებოდა. ამის გაკეთება ეროვნულ ბანკს შეუძლია, კანონით აქვს ამის უფლება. ხელოვნური შეზღუდვები თუ გაგრძელდება, ცხადია, პრობლემა მეტხანს გასტანს და ღარიბი მოსახლეობა ისეთ კრიზისში აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავალი ძნელად მოიძებნება", - ამბობს ელიავა report.ge-თან და დასძენს, რომ ლომბარდების მიმართ მოტხოვნის ზრდა ჭარბვალიანობას ვერ გამოიწვევს.

,,ჭარბვალიანობა არის სიღარიბის დამახასიათებელი თვისება, მაგრამ ლომბარდების შემთხვევაში ამას განსხვავებული ახსნა აქვს. დალომბარდებული ნივთი არ მომხმარებელს დაუბრუნდება და არც არავინ გაეკიდება მას, რათა ფული დააბრუნოს. თუმცა მისი ქონება რეალიზაციას დაექვემდებარება. მესმის, რომ ხალხი ქონების ნაწილს დაკარგავს, მაგრამ ვალი არ შერჩება გადასახდელი", - ამბობს ელიავა.

რაც შეეხება სალომბარდო ბიზნესს, სექტორის წარმომადგენმლები ასევე ფიქრობენ, რომ მათი მომსახურებსიადმი ინტერესის ზრდა ბანკების მხრიდან სესხებზე ხელმისაწვდომობის სირთულეს უკავშირდება. ,,ტექნო კრედიტის“ დირექტორი მარი გუნცაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლომბარდებში მომსახურების პირობები გამარტივდა, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მაღალი მოთხოვნაა.

,,ხალხს უჭირს და ელემენტარულად, სესხის მიღების ალტერნატივა არ აქვს, გარდა ლომბარდისა. ბანკის მხრიდან პირობები გაცილებით მკაცრია, ვიდრე ლომბარდში. გარდა ამისა, სესხებს გავცემთ ქონების უზრუნველყოფით, რაც რისკს ამცირებს. მოთხოვნის ზრდის მიზეზი, ცხადია გაჭირვებაა. არ გამოვრიცხავ, მათ მიერ ლომბარდებში აღებული სესხების დიდი ნაწილი ბანკებში მიდიოდეს. ჩვენ კონკრეტულ უბანზე ვმუსაობთ, ვიცნობთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, შეძლებისდაგვარად ვაწესებთ შეღავათებსაც და გადახდის მარტივ პირობებს ვთავაზობთ, ჯარიმების გარეშე, რაც კლიენტებისთვის განსაკუთრებით მისაღები პირობაა“, - ამბობს მარი გუნცაძე. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1 პროცენტი ქ. თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 14.3 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 83.6 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 16.4 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9 პროცენტი) ფიზიკური პირია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system