თავში

სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება

სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება
სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, წარმოდგენილია სრულიად ახალი კანონი. მისი განმარტებით, ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება.

„მოქმედი კანონი მოძველდა საიმისოდ, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში საქართველოში შეიძლება საკორპორაციო ურთიერთობის სახით არსებობდეს. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი სწორედ ეფექტიანი კორპორატიული სამართლის არსებობაა“, - განაცხადა მომხსენებელმა და დასძინა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. 

"კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან ავიცილოთ ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისთვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება.

„საკორპორაციო ურთიერთობებში საკმაოდ ხშირია დავები, გადაუწყვეტელი საკითხები, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება რადიკალური ცვლილებები განხორციელებულიყო „მეწარმეთა შესახებ“ კანონში. უზარმაზარი შრომაა გაწეული ამისთვის. ამ საქმეში იუსტიციის სამინისტროს ძალიან ეხმარებოდნენ საერთაშორისო დონორები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს USID-ის და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების დახმარება. სწორად მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი კანონპროექტი მომზადებულიყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულირების ზეგავლენის შეფასება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system