თავში

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს ოთხმაგი შოკის გადატანა მოუწიათ

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს ოთხმაგი შოკის გადატანა მოუწიათ
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს ოთხმაგი შოკის გადატანა მოუწიათ

ფინანსისტები და ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს, პანდემიური კრიზისის პარალელურად, მოუწიათ სხვა შოკებთან გამკლავებაც:  ნავთობის შარშანდელი მკვეთრი გაიაფება, ლოკდაუნები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური კრიზისი.

პოლიტიკური კრიზისის ნეგატივი ეკონომიკაში განსაკუთრებით მაღალი სომხეთსა და საქართველოში აღმოჩნდა და ეკონომისტების შეფასებით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ 2021 წელს პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა და გამწვავდა, რაც პოლიტიკური არასტაბილურობის ეკონომიკურ ფასს ზრდის და მისი გადახდა ძვირად დაუჯდება მოსახლეობას და ბიზნესს.  საქართველოში კრიზისი საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ხოლო სომხეთში ყარაბაღის ტერიტორიების დაკარგვას. 

პოლიტიკურ ფაქტორს, მიმდინარე წლიდან კავკასიის ეკონომიკებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ე.წ. მეორე ლოკდაუნმა. შეზღუდვების გამკაცრება პირველი ლოკდაუნით დასუსტებულ ეკონიომიკაზე მძიმედ აისახა. კავკასიის ქვეყნებიდან  ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში იყო. საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 100 ქულიდან 83.8-ით შეფასდა, რამაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-6 პოზიციაზე დააფიქსირა. სხვა კვლევით, საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. კვლევებითვე დასტურდება, რომ შეზღუდვების გახსნამდე საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავდა 16 მლნ ლარს. სწორედ შეზღუდვების მიზეზთ ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ქართულ ტურიზმს მიადგა.

შედეგმაც არ დააყოვნა და იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მეტით, 11.5%-ით შემცირდა. 

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აზერბაიჯანი კორონავირუსის საპრევენციო შეზღუდვებმა ყველაზე ნაკლებად დააზარალა. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წილი ნავთობინდუსტრიაზე მოდის და იმის გამო, რომ შეზღუდვები ამ იდუსტრიაზე არ გავრცელებულა, აზერბაიჯანის ეკონომიკა იანვარში მხოლოდ 2.5%-ით შემცირდა. გასულ წელს ამ ქვეყნის ეკონომიკის კლება 4.3%-იან ნიშნულზე იყო, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ნავთობინდუსტრიის გარეშე, იანვარში აზერბაიჯანს ეკონომიკა 0.1% -ით გაიზარდა. გასულ წელს კი ნავთობინდუსტრიაში შექმნილმა დოვლათმა აზერბაიჯანის ეკონომიკის 29.9% შეადგინა. ამიტომაც, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს სულაც არ უკვირთ აზერბაიჯანის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის ეკონომიკას სტრუქტურით ეკონომისტები საქართველოს ამსგავსებენ. სომხეთის ეკონომიკა პანდემიამ და ღარაბაღის 47-დღიანმა ომმა შარშან 7.5%-ით შეამცირა. ამავე მოცულობითაა შემცირებული ამ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის იანვარშიც.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ნავთობის ბაზრის ცვლილება აზერბაიჯანის ეკონომიკაზე პირდაპირ, ხოლო სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკებზე საგარეო ვაჭრობის არხით აისახა. ნავთობზე მოთხოვნა და ფასების ზრდა იანვარშიც გაგრძელდა, რაც, პირველ რიგში, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე დადებითად აისახა. ამ დადებითი იმპულსის გარდა, აზერბაიჯანის ეკონომიკაში პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღესდღეობით იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ აზერბაიჯანში დაწყებული, ხოლო სომხეთში ჯერჯერობით მოსახლეობის მცირე ჯგუფია აცრილი. საქართველოში ვაქცინა ამ ეტაპისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მთლიანად იმუნიზაციის ტემპზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ ანალიტიკოსებს საქართველოს და სომხეთის ეკონიომიკებში სახარბიელო მოლოდინები არ აქვთ. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდას 2021 წელს 1,9% -ით ელიან, 2022 წელს ეკონომიკური ზრდის 4,5% -მდე დაჩქარდებას ვარაუდობენ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system