თავში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ს ლიცენზიას უჩერებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ს ლიცენზიას უჩერებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ს ლიცენზიას უჩერებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ს ლიცენზიას უჩერებს. 

ლიცენზიის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობის დარღვევაა. საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51% საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.

"2021 წლის 31 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსისთვის“ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე, რაც განაპირობა ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 40%-ი წილის გასხვისებამ უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოექცა კომპანიის წილების 89%-ი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე.სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან მეორე დღესვე ავიაკომპანიაში მესაკუთრე იურიდიულ პირში პარტნიორებს შორის კაპიტალში წილები კიდევ ერთხელ გადანაწილდა და ამჯერად 51%-ის მფლობელი გახდა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ, 1 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად, ვინაიდან გარიგების მონაწილე ორივე პარტნიორი მოქმედებდა შეთანხმებულად და გააჩნდათ საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი - ა.წ. 19 აგვისტოს გაფორმებული გარიგებით დამდგარი შედეგის „გამოსწორება“ მისი დაფარვის გზით და ამგვარად ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შენარჩუნება.ამასთან, სააგენტომ დაადგინა, რომ ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირში, უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორი სარგებლობს წესდებით მინიჭებული უფლებით, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს ავიაკომპანიის მართვაზე (ეფექტური კონტროლი), ხოლო ამავე იურიდიული პირის 51%-ი წილის მფლობელი პარტნიორი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ავიაკომპანიის მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.მეტიც, ავიაკომპანიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, სააგენტოსთვის განზრახ მოწოდებულ იქნა მცდარი ინფორმაცია წილის თავდაპირველად უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი გასხვისების მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რაც აგრეთვე წარმოადგენს კანონდარღვევას და სააგენტოს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system