თავში

სამუშაო ძალა ისევ არათანაბრად ნაწილდება

სამუშაო ძალა ისევ არათანაბრად ნაწილდება
სამუშაო ძალა ისევ არათანაბრად ნაწილდება

სამშენებლო ნებართვების ნახევარზე მეტი თბილისზეა. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად სპეციალისტები რეალური სექტორის განვითარებას მიიჩნევენ. გარდა იმისა, რომ ბალანსი სამშენებლო სექტორში დარღვეულია, ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის ყველგან, ეკონომიკის ყველა იმ სეგმენტში, რომელიც მეტნაკლებად ვითარდება და სადაც ადამიანები დასაქმებას ახერხებენ. 

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გადაანაწილოს რესურსი ცენტრსა დ რეგიონებს შორის და წარმოების ზრდას შეუწყოს ხელი.

,,წლებია უკვე, რაც ვსაუბრობთ, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი და ამ პრობლემას ვერაფერს ვუხერხებთ. სტატისტიკის გარეშეც ცხადია, რომ მშენებლობის დიდი ნაწილი დედაქალაქში მიმდინარეობს, ყველა მასშტაბური პროექტი აქ იყრის თავს და რეგიონის როლი დაკნინებულია, რის გამოც რაიონებიდან და სოფლებიდან ხალხის გადინებას აქტიურად აქვს ადგილი. ეპიდემიის შემდგომ პერიოდში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება, ახლა მიმოსვლისგან ხალხი ცოტათი მაინც იკავებს თავს. გარდა ამისა, წარმოების მასშტაბებს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დოვლათი ძირითადად თბილისში იწარმოება და იქმნება პროდუქცია. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი. ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრებიდან დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს რეალური სექტორის გაძლიერებას, ამის გარეშე არაფერი გამოგვივა", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

თუკი აკადემიკოსი სამშაო ძალების განაწილებისას დისბალანსად წარმოების პრობლემას მიიჩნევს, სოციოლოგი პაატა აროშიძე ყურადღებას მენტალურ საკითხებზე ამახვილებს და report.ge-თან განმარტავს, რომ ბიზნესის განვითარებას რეგიონებში მენტალური პრობლემაც აფერხებს.

,,მნიშვნელობა არ აქვს, როგორი საცხოვრებელი გარემო ელით, მოსახლეობა მუდმივად მოილტვის ქალაქისკენ, რაც სოფლად შექმნილი მძიმე სოციალური გარემოთი არის გამოწვეული. ახალგაზრდები, რომლებიც პერსპექტივას ვერ ხედავენ, მზად არიან ნებისმიერ სამუშაოზე დასაქმდნენ და დასჯერდნენ მინიმალურ ხელფასსაც. რადგან ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორი არის განვითარებული და აქ დასაქმების მეტი შესაძლებლობაა, რეგიონებიდან წამოსული ადამიანები ყველაზე მეტად სწორედ სამშენებლო სექტორში ახერხებენ დასაქმებას. შეიძლება ზოგი სულაც უმუშევრად დარჩეს, მაგრამ მაინც დედაქალაქში ცხოვრებას ამჯობინებენ. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მსჯელობაა. 90-იანი წლებიდან დაწყებული, ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე. არაფერი გვეშველება, სანამ მენტალურად არ გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენი მოქალაქეები არ მივლენ თვითშეგნებამდე, რომ სოფელში მუშაობა და, მინიმუმ, იქ საკუთარი ხელით მოპოვებული საკვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალაქში ნაქირავებ ოთახში გამოკეტვა და  სიდუხჭირე", - აცხადებს აროშიძე.

მშენებლობებზე გაცემული ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, რომელთაგან ლიდერი დედაქალაქია, სადაც სამუშაოების ნახევარზე მეტი შესრულდება. ამის შესახებ საქსტატის მშენებლობის სექტორის 9-თვიან მიმოხილვაშია  აღნიშნული.

გაცემული ლიცენზიების მიხედვით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system