თავში

სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გაიზარდა

სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გაიზარდა
სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 50.75%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 202 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 134 შემთხვევა იყო. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 7 (5.22%), ხოლო 2019 წელს - 6 (2.97%) საქმე გაიხსნა.

მას შემდეგ რაც სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ ობიექტების შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო და სანქციებიც გაამკაცრა, სპეციალისტები დარღვევების შემცირებას ვარაუდობდნენ. თუ რატომ არ გამართლდა მათი მოლოდინი, Report. ge - ს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამარ სურმავა, უხსნის.

"კანონპროექტის მნიშვნელოვან სისუსტეს მისი მოქმედების შეზღუდული სფერო წარმოადგენს, რამდენადაც ის შეეხება არა ყველა დასაქმებულს, არამედ მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებს. ამასთან, ამგვარი სამუშაო ადგილების,დამსაქმებლების ნუსხას საქართველოს მთავრობა კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში დაამტკიცებს. პრობლემურია ისიც, რომ კანონის მოქმედების სფეროს განსაზღვრა, მისი დავიწროება და გაფართოვება, აღმასრულებელ ხელისუფლებას - მთავრობას, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად შეეძლება. გარდა ამისა, კანონპროექტით განსაზღვრული სანქცირების გამოყენების ბუნდოვანი წესი. უკიდურესად დაბალია ჯარიმები, რომლებიც 50 ლარიდან 5,000 ლარამდე მერყეობს, ეჭვის ქვეშ აყენებს მათი ადეკვატური ამოქმედებისა და ეფექტიანობის საკითხს," - აღნიშნა სურმავამ Report.ge-სთან საუბრისას.

სურმავა გვიხსნის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეფორმის ხედვა ადეკვატურად ვერ პასუხობს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ზედამხედველობის საჭიროებებს. მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე პოზიტიურ ჩანაწერს უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგლამენტირების კუთხით, თუმცა, კანონპროექტის არსებითი ხარვეზები მნიშვნელოვნად ასუსტებს მის ეფექტიანობას და არ ქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რეალური და სათანადო დაცვის შესაძლებლობას. უფლებადამცველის ინფორმაციით, პროფესიული კავშირების გაერთიანების ამ პოზიციას სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, იზიარებენ საქართველოს სახალხო დამცველი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

თამარ სურმავა ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების უკეთ დასაცავად მოკლე რეკომენდაციასაც აძლევს.

"აუცილებელია გაფართოვდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების სფერო და იგი გავრცელდეს ყველა დასაქმების ადგილზე, გამონაკლისის გარეშე; აუცილებელია, შრომის ინსპექცია აღიჭურვოს დასაქმების ადგილებზე უპირობო და თავისუფალი დაშვების მანდატით, რაც გულისხმობს მექანიზმის უფლებამოსილებას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე, განახორციელოს ინსპექტირება დასაქმების ადგილებზე; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონმა გაითვალისწინოს სანქცირების სათანადო სისტემა, მათ შორის, სანქციების გამოყენების სათანადო წესი და ჯარიმის ადეკვატური ოდენობები, რაც იქნება როგორც პრევენციული, ისე რეაგირებითი ეფექტის მქონე; აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა, რაც გარდაქმნის არსებულ დეპარტამენტს ეფექტიან შრომის ინსპექციად და გაითვალისწინებს მისი დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ინსტიტუციური შესაძლებლობას, ასევე ინსპექტორთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიებს; ასევე, კანონპროექტი პირდაპირ უნდა უთითებდეს შრომის ინსპექციაზე, როგორც კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოზე," - განაცხადა თამარ სურმავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system