თავში

სანამდე გასტანს ვარდნის ტემპი ეკონომიკაში

სანამდე გასტანს ვარდნის ტემპი ეკონომიკაში
სანამდე გასტანს ვარდნის ტემპი ეკონომიკაში

ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ მომავალი თვიდან ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას ქვეყანა თავს დააღწევს. მისი ვარაუდით, საპირისპირო ტენდენცია შეიძლება 2021 წლის მეორე ნახევრიდან შეიცვალოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება. გერლიანის შეფასებით, ჯერჯერობით ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლის არასწორ გზას ირჩევს, რადგან ცალკეული დარგების სუბსიდია ისევ მოსახლეობას აწვება ტვირთად  სხვადასხვა დარგის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აკნინებს.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მაისში მშპ-ს 13,5%-იანი ვარდნა დიდად პესიმისტური შედეგი არ არის, რადგან ეკონომიკის ჩაკეტვის პირობებში შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო.

,,მაისის ვარდნა ჩვენი ეკონომიკისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტს ველოდით. მომდევნო თვეებში ჩვენ ორნიშნა ვარდნა, სავარაუდოდ, არ გვექნება. მაისი პიკური თვე იყო ვარდნის თვალსაზრისით, რასაც ეკონომიკამ ივნისიდან თავი დააღწია, მაგრამ წლის ბოლომდე და შემდეგ პერიოდშიც, რამდენიმე თვის განმავლობაში, ნეგატიურ ტენდენციას ვერ შევცვლით. დეკემბრის ბოლოს, ალბათ -4 % ან -5%-ის ფარგლებში გვექნება ვარდნა და ეს მძიმედ დააწვება მოსახლეობას და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით საქმიანობენ. ცხადია, ტრენდი შეიცვლება, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ ამაზე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, თუ რა გზას ვირჩევთ. ვგულისხმობ იმ გასატარებელ ღონისძიებებს, რომელსაც ვერ ან არ მიმართავს სახელმწიფო. კერძოდ, ჩემი აზრით, სუბსიდიაზე აქცენტის გაკეთება ეკონომიკისთვის ნეგატიური შედეგით დამთავრდება. ეკონომიკა უფრო სოციალური ელფერის მატარებელი და წმინდა ეკონომიკური ეფექტი არ ახლავს. კრედიტების დახმარება, სუბსიდიები ხალხის ხარჯზე და მსგავსი ღონისძიებები სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ეკონომიკას გააჩნია განსაზღვრული შესაძლებლობები, რაც პანდემიის ფონზე და  მით უმეტეს ახლა, მნიშვნელოვნად კნინდება. ფინანსური შიმშილი ელის ქვეყანას, დეველოპერული სექტორის ხარჯზე სხვა დარგებს  ექმნება პრობლემა. არასწორი გზით მივდივართ და სარისკოა, მშენებლობის ბიზნესიც ისე არ დეფორმირდეს, რომ მერე მუდმივი სუბსიდია დასჭირდეს", - აცხადებს რამაზ გერლიანი. 

ცნობისთვის, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 პროცენტია. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წლის ბოლომდე 4, ან 5%-იანი ვარდნა იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, მაგრამ 2021 წელს ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკა კვლავ პოზიტიურ დინამიკას დაუბრუნდეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system