თავში

საოჯახო მარნების მფლობელები სესხების გადავადებას ითხოვენ

საოჯახო მარნების მფლობელები სესხების გადავადებას ითხოვენ
საოჯახო მარნების მფლობელები სესხების გადავადებას ითხოვენ

საოჯახო მარნების მფლობელები საბანკო ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან. პრობლემაა როგორც მცირე საოჯახო მარნებში, ასევე მსხვილ ობიექტებში, სადაც ეპიდემიის გამო მუშაობა თითქმის გაჩერდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მე-16 საუკუნის მარნის, „ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ მარანს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, ახალი კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემად კარდენახიშვილი საბანკო სესხებს მიიჩნევს.

,,ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვალს ვერაფერს ვუხერხებთ, ვენახებს ვყიდით, მაგრამ მყიდველიც არ არის, ანალოგიური სიტუაციაა მთელ რეგიონში, ფაქტობრივად განულებული გვაქვს შემოსავალი, აბსოლუტურად არაფერი იცვლება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყველაფერს შეიძლება მოვერიოთ, მაგრამ საბანკო ვალდებულებებს ვერ ვუმკლავდებით. ხმას არ ამოვიღებდი, რომ სესხის გასტუმრება შემეძლოს. კერძო კომპანიამ კრიზისის დაძლევის მიზნით პრომოუშენი გაგვიკეთა, ამან უმნიშვნელოდ შცვალა სიტუაცია, ოჯახები მოდიან ხოლმე, მუზეუმს ათვალიერებენ, მაგრამ აქედან შემოსავალი თიტქმის არ გვაქვს.  ვითარებამ, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ჩემზე პირდაპირი ფინანსური დარტყმა იქონია. გადასახდელი მაქვს გადასახადები, მაგრამ ისეთი მდგომარეობაა, არ ვიცი, რა იქნება გამოსავალი. ეს ისეთი დარგია, ვერაფრით ჩავანაცვლებთ. იმედი მაქვს, რომ ვითარება შეცვლება. მთავრობა ძალიან მონდომებულია, რომ დაგვეხმაროს. ბანკებთან შუამავლობას თუ გაგვიწევენ და სესხებს გადაგვივადებენ, ამაზე დიდი მხარდაჭერა, არაფერია“, - ამბობს  ნუნუ კარდენახიშვილი.

მარნის მფლობელის აღნიშნავს, რომ სეზონის მიხედვით 9-15 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და ამ ეტაპზე მხოლოდ 1 თანამშრომელი შემორჩა. მისი თქმით, მთელი წლევანდელი სეზონი ჩავარდა და სიტუაცია თუ არ შეიცვალა, გაკოტრება  ელის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს, ეს მარნები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. 

თუმცა, როგორც ვხედავთ, დღეს ეპიდემიის გამო დარგი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და მთავრობისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system