თავში

საპენსიო დანაზოგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო დანაზოგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია
საპენსიო დანაზოგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია

მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებმა 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

საქართველოს ნახევრად სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1.16 მილიონი მოქალაქეა ჩართული.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, 2021 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, მოქალაქეთა დანაზოგების 66.9% ქართული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 33.1% კი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე იყო განთავსებული.

ნახეთ, რით განსხვავდება დაგროვებითი და სოციალური პენსია.

საპენსიო ფონდი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად განიხილება. საპენსიო დანაზოგების კაპიტალის ბაზარზე გააქტიურება ჯერ კიდევ შარშან საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციისას დაანონსდა. ფინანსტისტები და ეკონოსტები ამას იწონებენ და ამბობენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა შესაძლოა სწორედ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირდეს. თუმცა ამის შესაძლებლობა საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების ინვესტირების დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ არის დაშვებული. ამჟამად თანხა ბანკებში სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაწესებული შეზღუდვები საპენსიო სააგენტოს ხელ–ფეხს უკრავს და ბლოკავს ინვესტირებას ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში. სპეციალისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზარი მზად არ არის.

ცნობისთვის, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა. დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800-მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული. საპენსიო შენატანებს 148.8 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა.

საქართველოში საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფილობითი. საპენსიო სისტემაში ჩართული თითოეული მოქალაქის ხელფასიდან 6% ირიცხება: დასაქმებული საპენსიო ფონდში რიცხავს საკუთარი ხელფასის 2%-ს, 2% ირიცხება დამსაქმებლის მიერ, ამას კი სახელმწიფოც ამატებს 2%-ს.

საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა რამდენიმე საფეხურად იყოფა, ესენია:
1) პირველი საფეხური - საყოველთაო სახელმწიფო ასაკობრივი პენსია, რომელსაც კაცები 65 წლიდან და ქალები 60 წლიდან იღებენ განურჩევლად მათი სამუშაო სტაჟისა. ამჟამად საბაზო პენსია 220 ლარია;
2) მეორე საფეხური - სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელსაც ბენეფიციარები პირველი საფეხურის პენსიასთან ერთად აიღებენ. სავალდებულო დაგროვებით სისტემაში მონაწილეოაბ 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზევით კი სრულად ნებაყოფლობითი. ამ სისტემით დასაქმებული იხდის საკუთარი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს და სახელმწიფო კი დასაქმებულის 2%-ს მიმართავს. სისტემაში 1 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ჯამურად ფონდის მოცულობა კი 950 მლნ ლარს შეადგენს.
3) სრულად ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა, რომელსაც კერძო კომპანიები სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს. ამ საფეხურის განვითარებაზე არის საუბარი კანონპროექტით.

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს. 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;

70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.

პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.

ქვეყანაში ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას ნიშნავს.

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია. იყო საუბარი, რომ პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედებოდა, თუმცა, საკითხოს განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი აღარ შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-იდან 33%-მდე ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system