თავში

საპროცენტო განაკვეთები და საკრედიტო პირობები პანდემიისას

საპროცენტო განაკვეთები და საკრედიტო პირობები პანდემიისას
საპროცენტო განაკვეთები და საკრედიტო პირობები პანდემიისას

ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25% გახდა. 2020 წლის მეორე კვარტალში განაკვეთები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე შემცირდა, რაც გარკვეულწილად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებით იყო გამოწვეული.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, წინა კვარტალთან შედარებით, გრძელვადიან და მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მცირედით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც, მეტწილად, მონეტარულ ინსტრუმენტების მიმართ ნდობისა და პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებადობის გაუმჯობესებას უკავშირდება. 

სებ-ის განმარტებით, ივნისში, მარტთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.3 პპ-ით გაიზარდა 9.9%- მდე, ხოლო განაკვეთი უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 2.9% შეადგინა. საკრედიტო პირობების ზემოხსენებული კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში, საბანკო სექტორის წარმომადგენლები ფინანსური რესურსის ხარჯის მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოელიან. 

კვლევის მიხედვით, საპროცენტო პირობები ლარის იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მცირედით გამკაცრდა. რაც შეეხება იურიდიული პირების დაკრედიტებას, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში საპროცენტო პირობების მცირედით შერბილებას მოელიან, თუმცა Covid-19 ვირუსის მიერ შექმნილი გაურკვევლობის გამო, სამომავლო პროგნოზის გაკეთება რთულია. 

ივნისში, მარტთან შედარებით, განაკვეთები საცალო სესხებზე გაიზარდა, ხოლო კორპორატიული სესხების ნაკადებზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კერძოდ, საცალო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.5 პპ-ით გაიზარდა, მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით გაიზარდა 10.2%-მდე, ხოლო კორპორატიულ სესხებზე 0.4 პპ-ით შემცირდა 8.8%-მდე. ივნისში, მარტთან შედარებით, საშუალო საპროცენტო განაკვეთი იურიდიულ პირებზე ადგილობრივი და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ოდნავ შემცირდა. 

საკრედიტო პირობების გამოკითხვის მიხედვით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system