თავში

საყოველთაო ინტერნეტიზაცია ქობულეთშიც დაიწყება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია ქობულეთშიც დაიწყება
საყოველთაო ინტერნეტიზაცია ქობულეთშიც დაიწყება

ოზურგეთის შემდეგ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10,500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11,000 ადამიანი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მთელ საქართველოს, გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში და დასრულდება 2025 წელს. სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი.

„მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმაზომიერად ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 26 დასახლებული პუნქტი და 10,700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები - ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7,700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ეს იქნება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები - 11,000 - ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს. 2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტიქსელით საქართველოს 1000-მდე დასახლება დაიფარება. 

"ოუფენ ნეტის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან. 2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა, ანუ, ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო. კომპანიამ ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება. ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შარშან დაიწყო. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

“ოუფენ ნეტს” 2020 წლიდან მარიამ სულაბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამასთანავე, “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიცაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system