თავში

ნამახვანიჰესის სარგებლიანობაზე მთავრობა ადგილობრივების დარწმუნებას შეეცდება

სარგებლიანობაზე მთავრობა ადგილობრივების დარწმუნებას შეეცდება

"მზად ვართ, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს „ნამახვანჰესს“, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრ თურნავას შეფასებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი. "მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კომუნიკაცია - კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ ხოლმე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის, სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება," - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ  საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის დაახლოებით 4500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70% ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში.

"ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში“, - ამბობს მინისტრი თურნავა. 

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრის საუბრისას ორ რამეზე გამახვილდება ყურადღება:  ერთი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე, ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, ხმარდებოდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

„ეს არის ჩვენი მთავარი ნარატივი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანიჰესთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენა ჩაინიშნება.  დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, დაავალა, ხვალ პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართვაც დაავალა. ანუ კანონმდებლები, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე მინისტრებს მოუსმენენ. მთავრობა ამ ჰესის ავკარგიანობაზე დეტალების მოსახლეობისათვის გასაცნობად ადგილობრივებთან კომუნიკაციას გაააქტიურებს.

შეგახსენებთ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system