თავში

სათამაშო ბიზნესი მედიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

სათამაშო ბიზნესი მედიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
სათამაშო ბიზნესი მედიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაცია აცხადებს, რომ ხშირად მედიაში გავრცელებული არასრული ან ცრუ ინფორმაცია, განზრახ ახდენს ფაქტების აღრევას მცდარ ინფორმაციასთან ან სრულად ტყუილს ეფუძნება. მათი განმარტებით, სწორედ ასეთი ყალბი ინფორმაციის ცხადი მაგალითია BPN-ზე გამოქვეყნებული სტატიაც, რომელშიც ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესების შესახებ იუწყება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ონლაინგამოცემას მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში მკითხველი და ციფრებით არასწორად მანიპულირებს.

"სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ ყოველდღიურად ზუსტად ასეთი მცდარი სტატისტიკა წარმოიშობა და რიცხვებით მანიპულაცია ხდება. აღნიშნული კი მხოლოდ ადამინების ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და აგრესიას აძლიერებს, თუმცა რეალობაში არაფერს გვეუბნება და ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის რიცხვების არასწორი ინტერპრეტაციის მრავალ მაგალითს ქმნის. მიზანი არის მარტივი, კერძოდ, აჩვენონ სტატისტიკა, რითაც მარტივად იმანიპულირებენ. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა განვივითაროთ, ჩვენში, სტატისტიკის კონტექსტში გააზრებისა და ინტერპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ ინფორმაციის შეფასების უნარები.გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც სათამაშო ბიზნესის წლიურ 25 მილიარდიან ბრუნვაზეა საუბარი. მსგავსი ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა გამიზნულად, შესაძლოა არაკომპეტენტურობით ქვეყნდება, ადამიანებს აჯერებენ, რომ 25 მილიარდიანი ბრუნვა სექტორის 25 მილიარდის შემოსავალს ნიშნავს. სინამდვილეში ეს სტატისტიკა არა უშუალოდ სექტორის შემოსავალს, არამედ დადებულ ფსონებს აჩვენებს. 2018 წლიდან საქსტატმა, აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შესაბამისი სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაზე. 2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით. განსხვავებული მიდგომით აღრიცხვიანობის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორის 2018 წლის და შემდგომის ბრუნვის მაჩვენებელი არ არის შესადარისი წინა პერიოდის მონაცემებთან. მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებებს წინ უძღვოდა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც საქსტატმა განახორციელა 2018 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და შესაბამისი დარგის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. 2018 წლის ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატსა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციას შორის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები საქსტატის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. თანამშრომლობის მიზანი იყო საქსტატის უზრუნველყოფა ხარისხიანი ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის სფეროში მონაცემთა აღრიცხვის გაუმჯობესება და ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. სათამაშო ბიზნესის სექტორში თითოეული მონაცემი IFRS (International Financial Reporting Standards) ანუ ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებით მუშავდება. სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები ზედმიწევნით მიჰყვებიან IFRS სტანდარტებს და ფინანსური ანგარიშგებების წარმოებისას მკაცრად იცავენ ანგარიშგების ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლებს; შესაბამისობასა და სანდოობას. ასევე სრულად დაცულია ფინანსური აღრიცხვის კიდევ ოთხი დამატებითი ხარისხობრივი მახასიათებელი: შესადარისობა, შემოწმებადობა, დროულობა და აღქმადობა," - აცხადებენ საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაციაში და განმარტავენ, რომ საქსტატის ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგიით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა.

საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაცია საკუთარ ვებგვერდზე განმარტავს, სად შეიძლება დაინტერესებულმა ადამიანმა გადაამოწმოს მოპოვებული ინფორმაცია, ისე რომ გაარჩიოს ყალბი და ნამდვილი სტატისტიკა ერთმანეთისგან.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია არ მიეწოდოს საზოგადოებას დამახინჯებულად, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ასევე პრესრელიზებს. ყოველწლიურ ანგარიშებს ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე და ვამზადებთ ვიდეო-რგოლებსაც. ყველა აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საქსტატის Facebook გვერდზე და Youtube არხზეც. ნებისმიერი ადამიანის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ მათ კითხვებს წერილობითაც. მარტივად რომ ავხსნათ, ბრუნვა, რომელზეც ასე აპელირებენ, მხოლოდ და მხოლოდ თამაშებზე დადებული ფსონების ჯამია. ფსონები კი ხშირად ჰიპოთეტური და სინამდვილეში არ არსებული ფულია, რომელიც მხოლოდ თამაშში ჩართული ადამიანის ანგარიშზე ჩანს. უფრო ცხადი რომ გახდეს, საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა ითვლება შემდეგნაირად: თუ თამაშისას დადებული 10 ლარით 10 ჯერ მოიგო მოთამაშემ 50 ლარი და შემდეგ ეს მოგებული თანხა წააგო ძველი მეთოდოლოგიით ბრუნვად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის 10 ლარი, რითიც ადამიანმა თამაში დაიწყო, თუმცა ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა იქნება 510 ლარი. ამიტომაც ჩანს ასეთი მკვეთრი ცვლილება სათამაშო ბიზნესის ბრუნვებში გასულ წლებთან შედარებით. რეალური შემოსავლის დასადგენად, ბრუნვის მოცულობას უნდა გამოვაკლოთ მოგების სახით გაცემული თანხის მოცულობა. ასეთ შემთხვევაში კი ცხადი გახდება, რომ სათამაშო ბიზნესში არსებული 138 ოპერატორის ჯამური შემოსავალი 25 მილიარდი კი არა, ერთი მილიარდ ორასი შვიდი მილიონი ლარია. ხოლო აქედან ბიუჯეტში გადახდილი 415 მილიონ ლარზე მეტი. BPN-მა და სხვა მედიებმა BPN-ს გამოთხოვნილ მონაცემებზე დაფუძნებით, მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს და ადამიანებითა და რიცხვებით იმანიპულირეს, მათ კომპანიების შემოსავალი 25ჯერ გაზარდეს და მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს. ადამიანები დაარწმუნეს, რომ სათამაშო ბიზნესი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის ათეულში ხვდება, თუმცა ეს ცალსახად მცდარი ინფორმაციაა. Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადდა, 2019 წლის ყველაზე მსხვილი ბიზნესების რეიტინგში სათამაშო ბიზნესის ვერცერთი ოპერატორი არა თუ ათეულში, არამედ პირველ 40-ეულშიც ვერ ხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვლევა ფინანსური სექტორის მიღმა ჩატარდა და არ მოიცავს უმსხვილეს საბანკო და მიკროსაფინანსო ბიზნესებს," - აცხადებენ საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაციაში და დასძენენ, რომ სათანადოდ გადამოწმების გარეშე ინფორმაციის გაზიარებით მომხმარებელი ხელს უწყობს ნახევრად სიმართლისა და მცდარი ამბების მზარდ გავრცელებას. თავის მხრივ, ეს აღვივებს აგრესიულ ატმოსფეროს, შიშებს და უკმაყოფილებას. 

"როგორც წესი, სოციალურ მედიას არა აქვს პროფესიული რედაქტირებისა და გადამოწმების ფუნქცია, რის გამოც პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სოციალური მედიის მომხმარებელმა მასალის გაზიარებამდე ინფორმაციის ხარისხი და სანდოობა გადაამოწმოს, რათა უნებლიეთ არასწორი ფაქტების, რიცხვებით მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის მსხვერპლად და გამავრცელებლად არ იქცეს," - ვკითხულობთ სათამაშო ბიზნესასოციაციის ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system