
საცხოვრებელი ფართებზე ფასების 15-20%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი - ამის შესახებ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „კუშმან & ვეიქფილდის“ მიერ რეზიდენტული უძრავი ქონების ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევა აჩვენებს, კომპანიების 1/3-ს ფასები უკვე შემცირებული აქვს ან გეგმავს, რომ შეამციროს.
„აპრილში როგორც მცირე, ისე მსხვილმა დეველოპერებმა დაიწყეს აქტიური კამპანია - სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ჩვენს კვლევაში მონაწილეების უმრავლესობა ფასების შემცირებას არ გეგმავს.
გამოკითხვის პირველ ეტაპზე, რესპონდენტთა 14% ფასების შემცირებას იუწყებოდა, 29%-ს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, 57%-მა კი განაცხადა, რომ ფასების შემცირებას არ გეგმავდა. მეორე ეტაპზე, კომპანიების 1/3-ს უკვე შემცირებული აქვს ფასები ან სამომავლოდ გეგმავს შემცირებას, დანარჩენები კი, საფასე პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ," - აღნიშნულია კვლევაში.
დეველოპერების განმარტებით, ეკონომიკური კრიზისის და ბუნდოვანი მომავლის პირობებში, ფასის მოქნილობა მოთხოვნასთან მიმართებაში დაბალია. მათივე თქმით, ფასების შემცირება არ იძლევა მოთხოვნის პროპორციულად გაზრდის გარანტიას. დეველოპერების მტკიცებით, ფასების შემცირებით მოთხოვნა შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს, მაგრამ შედეგად რისკის ქვეშ დადგება მათი საფასე ნიშა და პროდუქციის ხარისხი.
გარდა ამისა, დეველოპერები ამბობენ, რომ აქვთ ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ვერ შეასრულებენ შემცირებული ფასების პირობებში.
შეგახსენებთ, კორონავირუსმა თბილისის რეზიდენტულ ბაზარს პრობლემები შეუქმნა.
ჯანდაცვის წარმომადგენელთა რეკომენდაციების თანახმად, დეველოპერები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, თუმცა აპრილი სექტორისთვის მაინც ზარალიანი აღმოჩნდა.
ბელა გელაშვილი
ავტორი