თავში

ტიკარაძე: საწოლფონდისთვის განკუთვნილ 48 მილიონს "ევექსთან" კავშირი არ აქვს

საწოლფონდისთვის განკუთვნილ 48 მილიონს "ევექსთან" კავშირი არ აქვს
ტიკარაძე: საწოლფონდისთვის განკუთვნილ 48 მილიონს ევექსთან კავშირი არ აქვს

"48 მილიონი ლარი ეს არ არის პირველი თანხა, რომელიც მობილიზდა საწოლფონდის დაქირავებისთვის და არანაირი კავშირი „ევექსის" ქსელთან არ გააჩნია," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ევექსის" ქსელისგან ამ ეტაპისთვის ყველაზე მცირე საწოლფონდი არის სახელმწიფოს მხრიდან შეძენილი.

"ევექსის" ქსელის კუთხით ყველაზე მცირე საწოლფონდი არის სახელმწიფოს მხრიდან შეძენილი, ოღონდ ამასაც არ გააჩნია არანაირი მანკიერი მხარე - უბრალოდ ეს იყო სტრატეგია თუ რომელ ეტაპზე რომელი საავადმყოფოების ჩართვა მოხდებოდა," - აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, 48 მილიონის პირდაპირი გადარიცხვა არც ერთ საავადმყოფოში არ ხდება.

„ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა - გრაფიკი და გამომდინარე იქიდან, თუ რა არის შემდეგი საჭიროების მოცულობა ჩვენ ვიღებთ გადაწყევტილებას და მხოლოდ მას შემდეგ რაც საჭიროება დგება, მხოლოდ მას შემდეგ ხდება თანხის განკარგვის აუცილებლობა, სხვა შემთხვევაში ეს არის სავარაუდო პროგნოზისთვის მობილიზებული თანხა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის ხელისუფლებას ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ედავება ფულის ზედმეტ ხარჯვას. მათი თქმით 48 მილიონად არათუ საწოლფონდს, გონიერი მენეჯერი, მთელ კლინიკას ააშენებს. 

საწოლფონდის შესაძენად 48 მლნ ლარის მობილიზების მიზნობრიობა, საჭიროება და გონივრულობა დღეს პრემიერ-მინისტრმაც განმარტა. მისი თქმით, საავადმყოფოს აშენებასა და ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას დაახლოებით 80 ათასი დოლარიდან - 120 ათას დოლარამდე სჭირდება. 5 000 საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭრიდება ნახევარი მილიარდი დოლარი. 

"ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი ადგილი ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში რომ გვქონდეს, ეს ამისთვის გამოცხადდა. 5 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ახალ წლამდე ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება, საწოლები გვქონდეს," -განმარტა პრემიერმა.

შეგახენებთ, საქართველოს მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას ახდენს. სოციალური მომსახურების სააგენტო 48-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვისთვის მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ითხოვს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მობილიზებულია 2522 საწოლი, საიდანაც 600 ერთეული თავისუფალია. სოციალური მომსახურების საააგენტოს გაფორმებული აქვს კონტრაქტები სამედიცინო დაწესებულებებთან, 35 დაწესებულება მონაწილეობს ამ პროგრამაში და მათგან ხდება მომსახურების შესყიდვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system