თავში

საწვავის ფასი მატულობს

საწვავის ფასი მატულობს
საწვავის ფასი მატულობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც COVID-19-ის პანდემიას უკავშირდებოდა. პანდემიურ პერიოდში მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში) და ამავდროულად დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი - ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, საჰაერო, სახმელეთო სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა. ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება.

,,მიმდინარე წლის მარტის თვის დასაწყისში პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს ის მატებას. დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენს 45,86 დოლარს/ბარელზე, რაც საშუალოდ 80%-ით მეტია პანდემიის პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით. რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით/ლიტრზე. თუმცა ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე - 20 თეთრით/ლიტრზე", - განმარტავს მთვრალაშვილი.

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,07 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,06-2,17 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,09-2,19 ლარი/ლიტრზე, დიზელის საწვავი - 2,02-2,12 ლარი/ლიტრზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system