თავში

საწვავის შემოტანა ქვეყანაში ვერ კონტროლდება

საწვავის შემოტანა ქვეყანაში ვერ კონტროლდება
საწვავის შემოტანა ქვეყანაში ვერ კონტროლდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში გარკვეული დოზით ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ამის წყარო შეიძლება იყოს ადგილზე წარმოებული აღურიცხავი პროდუქცია ან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

მთვრალაშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში საწვავი იაფია. სატრანზიტო ავტომანქანები, ნებისმიერი საქონლის ტრანზიტისას ავსებენ მაღალილიტრაჟობის ავზებს იაფი საწვავით და მისი საქართველოსი გაყიდვით იღებენ დამატებით შემოსავალს. 

მთვრალაშვილის განმარტებით, პირობითად, ზოგიერთ სატვირთოს 2 ტონიანი ბაკებიც კი აქვს. მაშინ როცა საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დასაფარად(გზა წითელი ხიდიდან ბათუმამდე) მას 200-300 ლიტრი საწვავი თავისუფლად ეყოფა, ავზით შემოტანილი საწვავის დაჩენილ მარაგებს ტრანზიტორი მძღოლები ადგილზე ასაღებენ და მოგებას ნახულობენ. 

"საქართველოს ტრანზიტული ფუნქციიდან გამომდინარე ქვეყანაში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 298 354 ერთეული, რაც 102 499 ერთეულით ანუ 52.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (195 855 ერთეული).მათ შორის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 26 373 ერთეული. როგორც აღვნიშნეთ, გაზრდილია ავტოტრანსპორტის საწვავის ბაკებით აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან. დიდი ფასთაშორისი სხვაობის გამო, რომელიც ფიქსირდება ამ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებაში, საქართველო ხდება მიმზიდველი აღურიცხავი საწვავის შემოსასვლელად. ძირითადად საწვავის შემოდინება ხდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული თუ სტანდარტული საწვავის ბაკების საშუალებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე გაგვაჩნია გარკვეული სახის ინფორმაციები. ამ საწვავის ჩაბარება-რეალიზაცია ხდებასაქართველოში მათთვის განკუთვნილ ე.წ. „ტირ-პარკებში“ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე," - აცხადებს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ  საჭიროა მოხდეს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზებით შემოტანილ დიზელის საწვავზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა. მთვრალაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს.

"მაგალითისათვის, თურქეთის რესპუბლიკაში მკაცრადაა რეგლამენტირებული ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ყველა სატრანსპორტო საშუალების საწვავის მოცულობის ოდენობა და მათზე ხორციელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ანალოგიური ვითარებაა უკრაინიდან პოლონეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტური მექანიზმი სატრანსპორტო საშუალებების ავზებით შემოტანილ აღურიცხავ საწვავზე კონტროლის დამყარების მიზნით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ობიექტური მიზეზების გამო და შესაბამისად, აღურიცხავი პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს," - განუცხადა report.ge-ს ვანო მთვრალაშვილმა.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 551,7 ათასი ტონა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით ნაკლებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კერძოდ, ავტოპარკი, სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. შესაბამისად,ნავთობიმპორტიორთა კავშირში ფიქრობენ, რომ დიზელის საწვავის მოხმარება ქვეყანაში გაზრდილია და ის არ შეესაბამება იმპორტის მაჩვენებელს. მოხმარება მეტია, იმპორტი ნაკლები.

შედარებისათვის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 2019 წელს შეადგინა 544,3 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გაზრდილიაბენზინის ალტერნატიული საწვავის გამოყენება, როგორებიცაა ბუნებრივი აირი (CNG) და თხევადი აირი (LPG). ასევე მომატებულია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ქვეყანაში, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს ნავთობიმპორტიორთა კავშირი, რომ საწვავის იმპორტზე მეტ მოთხოვნას ქვეყანა სწორედ არადეკლარირებული, აღურიცხავი საწვავით იკმაყოფილებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system