თავში

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის მქონე კომპანიები გამოვლიდნენ

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის
საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის მქონე კომპანიები გამოვლიდნენ

დღეს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივმა პროექტმა საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ვირტუალურ ცერემონიას უმასპინძლა.

ოთხ კატეგორიაში გამოცხადებული გამარჯვებული კომპანიები არიან:

  • მსხვილი საფინანსო კომპანიები - სს „თიბისი ბანკი“
  • მსხვილი არასაფინანსო კომპანიები - სს „ნიკორა ტრეიდი“ და სს „თელასი“ (ერთობლივად)
  • მცირე კომპანიები - შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“
  • საპატიო ჯილდო - სს მსო „კრისტალი“

“მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა რაოდენობა მხოლოდ ხუთია, ყველა ნომინანტი იმსახურებს აღიარებას. თითოეულმა მათგანმა დააკმაყოფილა თავდაპირველი შერჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასვლის მკაცრი მოთხოვნები. იმედია, სხვა კომპანიები გამარჯვებულებისგან ბევრს ისწავლიან. მეგობრული კონკურენცია აამაღლებს ანგარიშგების საერთო ხარისხს და ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესება ყველას მოუტანს სარგებელს,“ - აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის დაანგარიშგები რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა.

კონკურსი წელს გაფართოვდა და უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2019 წელს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, 2020 წელს კი ის ღია გახდა საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, ასევე, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად ჩაერთო კონკურსში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს სავაჭროდ დაშვებული ფირმების ჩათვლით დასჭირდათ თვითწარდგენა. თვითწარდგენილი კომპანიების რაოდენობა შემოფარგლული იყო პირველი 20 კომპანიის განაცხადით, რომლებიც შესაბამისობაში იყო კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან.

„ევროკავშირი საქართველოს ულოცავს საფინანსო სექტორში მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს. ახლა მსხვილი კომპანიების ბოლოდროინდელი გამოცდილების კვალდაკვალ, მცირე კომპანიებიც აქტიურად იწყებენ ფინანსური ანგარიშგების და გამჭვირვალობის მოთხოვნების შესრულებას. ეს კარგია ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის და საქართველოს საერთო ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.

დაჯილდოების ცერემონია წელს ვირტუალურად გაიმართა და მასზე წარმოდგენილი 18 ნომინანტი კომპანიიდან გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების მიმართულებით, როგორებიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რაც განსაზღვრავს კორპორაციულ ღირებულებას.

„საქართველოს ეკონომიკის წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული კერძო სექტორის უნარზე, მოიზიდოს სახსრები ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან. ინვესტორები კი, თავის მხრივ, ეძებენ გამჭვირვალობის მაღალ დონეს, რის გამოც მჯერა, რომ BARTA -ს მსგავსი ინიციატივები მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა, იმ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რომლის ამოცანაა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევების დაძლევა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system