თავში

სავაჭრო-სამრეწველო პალატა სტრატეგიას ცვლის

სავაჭრო-სამრეწველო პალატა სტრატეგიას ცვლის
სავაჭრო-სამრეწველო პალატა სტრატეგიას ცვლის

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს ასოციაციებს 2020 წლის გეგმები გააცნო. პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მათი სამოქმედო სტრატეგია შეიცვლება და რამდენიმე სიახლე დაინერგება. ცვლილება პირველ რიგში საბჭოს წევრებთან ერთად პალატის კვლევითი ცენტრის - Think-Tank-ის დაფუძნების საკითხს შეეხება. სამომავლო სტრატეგია გიორგი პერტაიამ პალატის წევრებთან ერთად განიხილა.

მან ასევე საბჭოს წევრებს ბიზნესის ადვოკატირების პროცესში აქტიური მონაწილეობა და პალატასთან არსებული ბიზნესის მხარდაჭერის კომიტეტებში ჩართულობა შესთავაზა.

,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყველაზე მთავარი სიახლეა, რომ მცირედით იცვლება სტრატეგია, თუკი აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესზე ვიყავით კონცენტრირებული, უკვე მსხვილი ბიზნესიც წევრიანდება სამრეწველო პალატაში. გვექნება შიდა კომიტეტები, რამდენიმე დღეში გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ხელს უწყობს უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და სხვა. მნიშვნელოვანი სიახლეა აგრეთვე ახალი კვლევით ინსტიტუტი Think-Tank-ი, რომელსაც პალატა აფუძნებს და უახლოეს პერიოდში მისი ხელმძღვანელის ვინაობაც დასახელდება. კვლევითი ინსტიტუტი მხოლოდ ბიზნესმენებისგან შემოსული კაპიტალით დაფინანსდება. მთავარი თემა იქნება მცირე ბიუჯეტი, ნაკლები გადასახადი და ბიზნეს-გარემო. ჩვენი მიზანია, საკანონმდებლო ორგანოს მივაწოდოთ ინფორმაცია რეფორმების შესახებ, რომელიც უცხოეთში წარმატებით გატარდა და შევთავაზებთ, რომ ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგოს", - აღნიშნა პერტაიამ.

მისი შეფასებით, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებენ.

,,ინვესტორები ხელმძღვანელობენ მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციების კვლევებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა წამყვანი ორგანიზაციები. მათ მიერ დადებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, ქართული ბიზნესგარემო აღიარებულია საუკეთესოდ, ყველაზე სწრაფი სარეგისტრაციო პროცედურებით, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა1960 წლიდან ფუნქციონირებს. პალატა ინტენსიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, გეგმავს და მართავს ბიზნეს-ფორუმებს, აკავშირებს უცხოურ კომპანიებს ქართველ მეწარმეებთან და თითოეულ მათგანს საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტრუქტურა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპზეა აგებული. სისტემაში არსებობს როგორც ცენტრალური, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონების პალატები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system