თავში

სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად გამკაცრდება

სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად გამკაცრდება
სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად გამკაცრდება

ბიზნესი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის კმაყოფილია. 

ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ასეთია შეთანხმება დღეს მთავრობასა და მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის. 

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ შეზღუდვები იქნება მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება. მისი თქმით, მოხდება პოზიციების შეჯერება, რომელიც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც ადამიანის ჯანმრთელობას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და ეკონომიკაც არ დაზარალდეს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

„სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ (ელიავას ბაზრობა) წარმომადგენელი სერგო რუხაძე იზიარებს კოლეგების პოზიციას და ამბობს, რომ მთავრობასთან და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეპიდვითების ნორმალიზებას ბიზნესისთვის მინიმალური დანაკარგით.

„დღეს იყო შეხვედრა მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. საკითხი შეეხებოდა Covid-19-ს, ვიცით, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იმატებს და მთავრობის ერთი საფიქრალი არის ის, რომ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმებზე დავიდეს და ამავდროულად, ინფიცირების ზრდამ ცუდად არ იმოქმედოს ბიზნესზე. ჩვენ ბიზნესი და მთავრობა ერთიანად ვფიქრობთ, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ დააზიანებს რეგულაციების ფონს და არ დააზიანებს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური შენელება არ იქნება. ალბათ მომდევნო კვირაში კიდევ იქნება შეხვედრა და ჩვენ გვინდა სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად,“- განაცხადა „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ წარმომადგენელმა.

ვაჭრობის ინდუსტრისს წარმომადგენლებისა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდის შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორის თქმით, იყო დადებითი გზავნილები, რომელიც ბიზნესს აძლევს იმედს, გააგრძელოსნ ოპერირება შეზღუდვების ფარგლებში. მისივე თქმით, სექტორი სიტუაციას პასუხისმგებლობით ეკიდება.

"მოვისმინეთ მთავრობის პოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ დააბალანსოს ეკონომიკური რისკები ჯანდაცვის რისკებთან. ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია თუმცა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში, - განაცხაა რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განაცხადა.

„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა იმედოვნებს, რომ იქნება ნაპოვნი გამოსავალი რომელიც ნაკლებად დააზარალებს ბიზნესს და შეამცირებს ეპიდრისკებს. მისი თქმით, ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების დაახლოებით 30% ამ პერიოდის განმავლობაში გენერირდება.

„ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გაყიდვების დაახლოებით 30% გენერირდება ამ პერიოდის განმავლობაში. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული ვითარება და თუ როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, რისკები შემცირდეს პანდემიასთან დაკავშრებით და ჩვენს ბიზნესზე ეს როგორ აისახება. ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთის მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, ასევე რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ლადო ჯობავამ.

ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" კომერციული დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი ფიქრობს, რომ წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან და ბიზნესსაც, განსაკუთრებით საცალო სექტორის ბიზნესს და მოსახლეობას მეტი შეღავათი ჰქონდეს, სიტუაციას მეტ-ნაკლებად გავუმკლავდეთ და დადებითი შედეგებით გამოვიდეს ქვეყანაც და ეკონომიკაც.

შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ბიზნესისთვის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როდესაც დაგეგმილად აკეთებ, თუნდაც შემზღუდავ ღონისძიებებს, უფრო დადებით შედეგს იღებ, ვიდრე მეორე დღეს გამოაცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვა შემოდის. ასეთ შეხვედრებს მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთ რიტმში გაგრძელდეს“, - განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პრემიერის დავალებით გუშინ შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system