თავში

საზღვარგარეთ მუშაობა საქართველოს 99 ათას 870 მოქალაქეს სურს

საზღვარგარეთ მუშაობა საქართველოს 99 ათას 870 მოქალაქეს სურს
საზღვარგარეთ მუშაობა საქართველოს 99 ათას 870 მოქალაქეს სურს

საზღვარგარეთ მუშაობა საქართველოს 99 ათას 870 მოქალაქეს სურს. ამ ეტაპზე ლეგალური დასაქმება საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ორ ქვეყანაში, გერმანიასა და ისრაელში, შეუძლიათ.  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა.  

სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. ისრაელში კი იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.  ისრაელის სახელმწიფოში კი საქარტველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/

შეგახსენებთ, ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე აქვთ. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა. გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი, საქართველოდან უკვე გაემგზავრა.

მსგავსი პროგრამა ქართველებისთვის აამოქმედა ისრაელმაც. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას. სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში. ისრაელში დასაქმებულებს მოუწევთ კვირაში 6 სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი მუშაობა. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს. საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო.

საქართველოს ლეგალურ დასაქმებაზე ხელშეკრულება საფრანგეთთანაც გაფორმებული აქვს, რომელიც უკვე ძალაშია შესული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შემუშავდება სქემა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ საფრანგეთში დროებითი დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ლეგალური დასქმების საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system