თავში

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები გამკაცრდა

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები გამკაცრდა
საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები გამკაცრდა

საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო) ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა.

უწყება განმარტავს, რომ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, ,,საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების შესაბამისად, ექვემდებარება შემდეგ ღონისძიებებს:

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას, ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია, გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე.

რაც შეეხება იმპორტს, ხორციელდება შემდეგი პროცედურები: ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას: განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები: საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია; სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას; ან განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.

ამასთან, თუ ვერ განხორციელდება მძღოლის სხვა პირით ჩანაცვლება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილება გაცილებით და საქონელი გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ასევე სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალი მძღოლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები (დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, სკრინინგი-ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, მათ შორის თერმოსკრინინგი და ა.შ. ეპიდემიოლოგის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, თუ მძღოლს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა ან/და სხვა საეჭვო სიმპტომები, ამ შემთხვევაში მძღოლი ბრუნდება უკან (საქართველოს მოქალაქის გარდა) ხოლო ტვირთის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს ზემოაღნიშნული პროცედურები. საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, მძღოლი შემდგომი გამოკვლევის მიზნით ექვემდებარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. მძღოლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაადგილდებიან შეუფერხებლად.

„საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი კონტროლი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ასევე, მოწყობილია საკარანტინო სივრცეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია გადამზიდავი კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე აცნობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system