თავში

საზოგადოებაში ნდობის ინფლაცია დაიწყო - ISET

საზოგადოებაში ნდობის ინფლაცია დაიწყო - ISET
საზოგადოებაში ნდობის ინფლაცია დაიწყო -  ISET

"ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულის სინდრომივით გამოხტა საზოგადოებაში ნდობის ინფლაციის ნიშნები. დაგროვდა მოვლენების ჯაჭვი, რომელიც, ფაქტობრივად ყველას შეგვეხო," - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევაში, რომლის მიხედვით, საზოგადოების ნდობის ინფლაცია პოლიტიკური კრიზისის შდეგია.  ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა პოლიტიკურად პოლარიზებულია და გართულებულია დიალოგი მხარეებს შორის, უცხოელი ყველაზე კომპეტენტური პარტნიორების ჩარევითაც კი. გამოსავლის მოლოდინმა დააბნია ხალხი და შეარყია ნდობა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესების მიმართ. 

"პოლარიზებულ საზოგადოებაში გახშირდა შურისძიება აზრთა სხვაობისათვის, რამაც შეარყია ნდობა ადამიანებს შორის და ამგვარი აგრესია აისახა კრიმინალურ მდგომარეობაზე. ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტეტების ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არაერთი ლიდერი დისკრედიტებულია და ინტერესი მათი აზრისადმი დაბალია. პანდემიასთან და ლოქდაუნთან ერთად გაუარესდა ბიზნესის განწყობა და მოლოდინები. პანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინაციის ტემპის ზრდა არის აუცილებელი, მაგრამ კვლევების თანახმად (და ისეც...) ვაქცინის მიმართ ნდობა დაბალია. მეტიც, ახალციხეში ახალგაზრდა ექთნის ვაქცინაციის ტრაგიკულმა შემთხვევამ ვაქცინის მიმართ ფობია და ეჭვი გაამძაფრა. ამის დასტურია ის, რომ ასტრა-ზენეკას ვაქცინაზე რეგისტრაცია (booking.moh.ge) ძალიან ნელა მიმდინარეობს," - აღნიშნულია ISET-ის მიმოხილვაში. 

მისი განმარტებით, ნდობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ გადალახოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ხანგრძლივი ან სამუდამო მძიმე დანაკარგების გარეშე და ეფექტურად გამოიყენოს ადგილობრივი თუ გლობალური შესაძლებლობები და რესურსები პოსტ-პანდემიურ პერიოდში. ამისათვის საზოგადოებაში მაღალი ნდობა, პარტნიორობის განწყობა და სოციალური კაპიტალია აუცილებელი.

"სოციალური კაპიტალი არის საზოგადოების ის მახასიათებელი, რომელიც თავის თავში მოიცავს კეთილდღეობის მიღწევის პოტენციალს და თანამშრომლობის განწყობას და დაფუძნებულია ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებზე. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და მწერალი, ფრენსის ფუკუიამა თავის ცნობილ ნაშრომში ‘ნდობა’ (Trust, 1995) განსაზღვრავს, რომ სოციალური კაპიტალი ემყარება საზოგადოებაში არსებულ ნდობას და მის გამოხატულებას. საზოგადოების მიერ კეთილდღეობის მიღწევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასში არსებული ნდობის ფაქტორზე. ნდობის იურიდიულ განსაზღვრებების განხილვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ, სადაც არის მაღალი სოციალური კაპიტალი, რესურსების და კაპიტალის მობილიზაცია და რეალიზაცია ეფექტურად ხდება. ფუკუიამა გვთავაზობს, რომ საზოგადოებაში არსებული ნდობის დონე განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე საზოგადოებაში ინდივიდები და ინსტიტუტები უფრო ეფექტურად ახდენენ ადამიანური და ინსტიტუციური კაპიტალის და რესურსების მობილიზაციას, განვითარებას, მართვას, მიმართვას და თანამშრომლობას საერთო მიზნებისა და სარგებელისათვის. ასეთ საზოგადოებაში არსებული ნდობის ფაქტორი ეფუძნება შესაბამისი ინსტიტუციების მიმართ განწყობას, როგორიცაა სასამართლო, პოლიცია და მრავალი სხვა. ფორმალური ინსტიტუტების სიმტკიცე, თანმიმდევრულობა, და მდგრადობა (მათ შორის ეკონომიკური ინსტიტუტების) კი, თავის მხრივ, დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ კაპიტალზე. სწორედ ამიტომ მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ქვეყნები და საზოგადოებები მდგრადობით გამოირჩევა. ისინი, ერთი მხრივ, უფრო მარტივად უმკლავდებიან მოსალოდნელ თუ მოულოდნელ სირთულეებს და უფრო იოლად ადაპტირდებიან ახალ რეალობასთან და, მეორე მხრივ, აქვთ ბუნებრივი უნარი, მეტი სარგებელი შეითვისონ განვითარების პროცესის მიერ წარმოდგენილი ახალი შესაძლებლობებისაგან," - განმარტავენ ISET - ში.

მათივე მტკიცებით, მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ქვეყნებში მთავრობა მეტად არის ანგარიშვალდებული მოსახლეობის მიმართ და მეტად ‘ემორჩილება’ საზოგადოების ფასეულობებსა და განწყობას. მაღალი სოციალური კაპიტალისა და ნდობის ფაქტორის მქონე კულტურაში უფრო ეფექტურია თანამშრომლობა ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუტებს შორის – მთავრობა, პარლამენტი, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობოები, პროფესული კავშირები და კლუბები, კერძო კომპანიები, ეკლესია, საზოგადოებრივი ავტორიტეტები – მათ აზრთა ხშირი სხვაობების მიუხედევად შესწევთ უნარი, ითანამშრომლონ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არაეფექტურია ან სრულიად არ ხდება დაბალი საზოგადოებრივი კაპიტალის მქონე საზოგადოებაში.

"ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია დღეს – პოსტ-პანდემიურ პერიოდში რეგიონული თუ გლობალური კონკურენტუნარიანობის გადათამაშებას ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია. უპრეცედენტოა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობები. ამისათვის აუცილებელია სრულყოფილი თანამშრომლობის ქსელი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადამიანთა ჯგუფებს შორის, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა. სახელმწიფოს, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებს შორის. პოლიტიკურ პარტიებს შორის. ქვეყანასა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის. ინვესტორებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, მეცნიერებსა და ფართო საზოგადოებას შორის. ამგვარ თანამშრომლობას კი საზოგადოებაში არსებული ნდობა უნდა დაედოს საფუძვლად. ნდობას, რომელიც დღეს ასე დაბალია და რომლის ამაღლებაც არც თუ ისე იოლია, დრო, მონდომება და დამსახურება უნდა. კრიზისიდან გამოსავლელად გვჭირდება ნდობა ვაქცინისადმი, რომ მივაღწიოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას და დავამარცხოთ პანდემია. ხალხის ნდობა მთავრობისადმი და პოლიტიკური პროცესისადმი. ნდობა პოლიტიკურ აქტორებს შორის, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ნდობა მეცნიერული მტკიცებულებებისადმი, არამარტო ვაქცინის შემთხვევაში, არამედ რომ თუნდაც კლიმატის ცვლილება რეალურია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენაში მწვანე პოლიტიკა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ნდობა ინვესტორების მხრიდან ქვეყნისადმი, რომ შემოვიდეს ინვესტიციები და დაეხმაროს ეკონომიკის აღდგენას. დაფიქრების დროა იმაზე, თუ როგორ აღდგეს გაუფასურებული ნდობა," - ასეთია ISET - ის რეკომენდაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system