თავში

სჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს

სჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს
სჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ანაკლიის პორტის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ხედავს, თუკი პროექტით ინვესტორები დაინტერესდებიან

მეზურნიშვილმა ფოთის პორტის პროექტის მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ აქ ამერიკულ ინვესტიციას არანაირი წინაღობა არ შექმნია.

“ანაკლიის პორტის პროექტზე ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა ინვესტორების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ ანაკლიის პროექტი და ზოგადად, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის არის ფოთის პროექტი, სადაც იცით, რომ იგივე ამერიკული ინვესტიციებია და არანაირი წინაღობა და გამოწვევა არ შექმნია - 120 მილიონიანი პროექტია და ასევე ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთების სურვილია. ერთი მეორეს ხელს არ უშლის - პირიქით, დაფიქსირდეს ინტერესი და იქნება დიალოგი“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მთავრობა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებს, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გადაიხედოს. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

გუშინ ანაკლიის კონსორციუმმა მეორედ გამოთქვა მზაობა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

შეგახსენებთ, კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. დავა წინასწარ განწირულია პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრითაც , თუმცა მისი თქმით, ერთადერთი ზარალი, რაც ამ დავით შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, არის ის, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას დააყოვნებს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system