თავში

სებ-ი ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზს არ ცვლის

სებ-ი ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზს არ ცვლის
სებ-ი ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზს არ ცვლის

ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინარჩუნებენ 4%-იანი ზრდის პროგნოზს. საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, ამ პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა საბანკო სისტემის მიერ დაკრედიტების მოსალოდნელზე მაღალი ტემპი, რის გამოც ელიან, რომ რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდის მიუხედავად, დაკრედიტება გაიზრდება იმ საპროგნოზო მაჩვენებლამდე, რომელიც წლის დასაწყისშია ნავარაუდევი. სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ 4%-იანი ზრდის პროგნოზი გამართლდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ხელახალი "ლოქდაუნი" არ გამოცხადდება.

“ჩვენი საბაზო სცენარი მესამე "ლოქდაუნის" ალბათობას არ ითვალისწინებს და აქ ეკონომიკური ზრდის პრონოზი ჩვენ შევინარჩუნეთ იმავე დონეზე ანუ 4%-ზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა თანაბარ პირობებში ადგილობრივ მოთხოვნასა და ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ წინა პროგნოზს შევადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ დაკრედიტების ტემპი. მიმდინარე ანალიზი მიუთითებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრების გარეშე, დაკრედიტება იმაზე ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ეს წინა პრონოზებში გვქონდა აღნიშნული. საბოლოოდ ჩვენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდას იმავე ტემპით ველით, რაც წინა პროგნოზში გვქონდა გათვალისწინებული. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელდება ფისკალური სტიმულიც, რადგანაც დეფიციტი წელს საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, დაკრედიტების ჯანსაღი ზრდა ფისკალურ სტიმულთან ერთად გვაფიქრებინებს, რომ ზრდის ჩვენი პროგნოზი, წელს კვლავ 4% უნდა იყოს", - განმარტავს კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აპრილის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, რის მიზეზადაც მოსალოდნელზე დაბალი აღდგენის ტემპი დაასახელა. დღეს კი აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3.5%-მდე შეამცირა. დღემდე ბანკი საქართველოსთვის 4.5%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდა.  საქართველოს მთავრობა კი წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system