თავში

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს
სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტის განხილვისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 2020-2022 წლისთვის 3 პროცენტით განისაზღვრა.

„ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე მაღლა შენარჩუნდება, შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის დინამიკას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს – წინა პერიოდებში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. პირველი მოკლევადიან პერიოდში, ინფლაციაზე ახდენს ზეწოლას, ხოლო მეორე პირიქით, ინფლაციაზე დაღმავალ წნეხს აჩენს. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად 8.5 პროცენტამდე გაიზარდა.

კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, ხოლო შემდგომ კი, ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორ წლიანი პერიოდის შემდეგ ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6 პროცენტის ფარგლებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system