თავში

სებ-ის ინტერვენციების შედეგი ფინანსისტების ეჭვს იწვევს

სებ-ის ინტერვენციების შედეგი ფინანსისტების ეჭვს იწვევს

ეროვნული ბანკის ინტერვენციები ლარს მხოლოდ მცირედით გაამყარებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარი 2,90-ის ფარგლებში გაჩერდება, ხოლო წლის ბოლომდე 2,85-იან ნიშნულამდე ჩამოიწევს. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესი კურსის გამყარებას ყველაზე ნაკლებად იგრძნობს, რადგან ძალიან მალე საპროცენტო განაკვეთებს გაუზრდიან. ცხადია, რომ სწრაფი ტემპით გაზრდილ ფასებს უკვე ვერც ლარის გამყარება უშველის. 

ხელისუფლება და უკვე საბანკო სექტორიც საუბრობს, რომ ლარი უფრო შესუსტებულია, ვიდრე ამას ეკონომიკური ფუნდამენტები განაპირობებს.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, განწყობები და ნდობა ლარზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. 

,,დღევანდელი ინტერვენცია რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს, დრო გვაჩვენებს, თუმცა მისასალმებელია და რაღაც დონეზე ალბათ ეფექტური იქნება. შესაბამისად, ამ ნდობას და განწყობებს გაუმჯობესება უნდა და ამ კუთხით ინტერვენცია შესაძლოა, დროულიც კი იყოს", - განაცხადა მან.

,,არც ერთი პირობა არ არის იმისთვის, რომ ლარი გაუფასურებული იყოს. ყველა პარამეტრი არის წესრიგში, ლარი უნდა დარეგულირდეს. ჩვენი ფინანსისტები ამბობენ, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება, "-  აღნიშნა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

ლარის გამყარების მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბრობენ ექსპერტულ წრეებშიც. მათი პროგნოზი გაცილებით პესიმისტურია, რადგან ექსპერტები თვლიან, რომ კურსის მცირედი გამყარება გაძვირებულ ცხოვრებაზე სასიკეთოდ ვერ აისახება.

ფინანსისტ ნიკა შენგელიას ვარაუდით, მოსალოდნელია იმპორტის უმნიშვნელო კლებაც, ხოლო ფასები არსებულ დონეზე დარჩება.

,,ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 40 მლნ დოლარი გაყიდოს, რითაც კურსს 2,90-მდე დაასტაბილურებენ. ამაზე დაბლა კურსი ვერ ჩამოვა, ეს უკვე შეუძლებელია. ჩვენ სებ-ს ვაფრთხილებდით, რომ ზომები დროულად მიეღოთ საპროცენტო განაკვეთების აწევასთან დაკავშირებით, მხოლოდ ახლა გამოფხიზლდნენ. თუმცა ლარს დიდად ვერც ეს უშველის, საბოლოოდ კი მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება. საბოლოო ჯამში, ველოდები, რომ იმპორტი ცოტათი შემცირდება, მაგრამ ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება. გაიაფების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ამ საკითხს გრძელვადიან პერიოდშიც კი საეჭვოდ მივიჩნევ. ცხადია, ეროვნული ბანკი სახარბიელო ტენდენციას ვერ შექმნის, ამაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იზრუნოს და დროზე გამოფხიზლდეს. პირველ რიგში, რეგულაციები უნდა შეარბილონ, რის გარეშეც ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ შეიცვლება", - განუცხადა შენგელიამ report.ge-ს.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის რეგულირებისთვის, პოლიტიკის გამკაცრების, ფულის ხარჯვისა და ვალის აღების გარდა, სხვა რესურსები ამოიწურა.

,,შექმნილ სიტუაციაში ყველაზე სწორია იმის გარკვევა, თუ ვინ უშველის ლარს, ვის შეიძლება ამისთვის რესურსი გააჩნდეს? ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ აქტიური ქმედებები ტარდება ლარის კურსის გამყარებისთვის, თუმცა საზოგადოების ხარჯი მაინც იზრდება და ცხოვრება ძვირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ვითარება, სადაც არც საქართველოს ეროვნული ბანკის აქტივობა, აღარც ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, ვეღარც პოლიტიკური გარემოს მოწოდებები, არც საგარეო ფაქტორებისადმი დაბრალება, აღარც ფულის ხარჯვა და ტექნიკური ღონისძიებები გავლენას ვეღარ ახდენს ვალუტის გამყარებაზე. ფაქტობრივად გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერმა თავის თავი ამოწურა. რაც წარმოდგენს არსებული პოლიტიკისა და მმართველობის შედეგებს", - განაცხადა რატი აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ  25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გაძლიერებას ემსახურება სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვაც. სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს თანმიმდევრულად გამოიყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system