თავში

სებ-ის პროგნოზით, 2029 წელს საპენსიო დანაზოგები მშპ-ს 11%-ს გაუტოლდება

სებ-ის პროგნოზით, 2029 წელს საპენსიო დანაზოგები მშპ-ს 11%-ს გაუტოლდება
სებ-ის პროგნოზით, 2029 წელს საპენსიო დანაზოგები მშპ-ს 11%-ს გაუტოლდება

საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელებამდე, სოციალური ტიპის საპენსიო სისტემა მოქმედებდა და, შესაბამისად, საპენსიო გაცემები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. კერძო საპენსიო დანაზოგების მოცულობა კი უმნიშვნელო იყო.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, მნიშვნელოვანი დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მოსახლეობის დაბერებასა და სამუშაო ძალის ხვედრითი წილის კლებად ტრენდში გამოიხატება.

გაეროს მიერ მომზადებული მოსახლეობის დემოგრაფიული კვლევების მიხედვით, ასაკზე დამოკიდებულების კოეფიციენტი (Old-age dependency ratio) საქართველოში 2020 წელს 24 პროცენტულ პუნქტს შეადგენს, რამაც საშუალო შობადობის ტემპის გათვალისწინებით 2100 წლისათვის შესაძლოა 53 პროცენტულ პუნქტს მიაღწიოს. ანუ, ყოველ 100 ადამიანზე, რომელთა ასაკიც 15-64 შუალედში მერყეობს, 53 საპენსიო ასაკის (>=65) მქონე ადამიანი, ე.ი ყოველი 3 მოქალაქიდან, 1 პენსიონერი იქნება.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მსგავს პირობებში, მხოლოდ სოციალური საპენსიო სისტემის არსებობა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ ეფექტიან რეაგირებას და სათანადო საპენსიო შემოსავლების დონეს. სწორედ ამიტომ ამოქმედდა  2019 წელს სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო გახდა 60 წლამდე (ქალების შემთხვევაში 55 წლამდე) ყველა დასაქმებულისათვის. რეფორმა ნებაყოფლობითი სახისაა ყველა თვითდასაქმებულისთვის და იმ დასაქმებულთათვის, რომლებსაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი). ასევე, რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ იმ დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდათ 40 წელი, ნებაყოფლობით შეეძლოთ სისტემის დატოვება. სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2 პროცენტის ოდენობის შენატანს ახორციელებენ. 

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, მათი შენატანები საკუთრი შემოსავლის 4%-ს შეადგენს, რასაც სახელმწიფოს მიერ დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტიანი შენატანი ემატება.

2019 წლის ბოლოსათვის დაგროვებითი საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 1.03 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების პროგნოზისა და, პირობითად, 7 პროცენტიან წლიური სარგებლის განაკვეთის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ 2029 წლის ბოლოსათვის აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება და 11.5 პროცენტიან ნიშნულს (მშპ-სთან შეფარდებით) მიაღწევს და ზრდის ტემპების მიხედვით სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდება.

გრძელვადიანი დანაზოგების აკუმულირებას, როგორც წესი, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. 

"გრძელვადიანი და განჭვრეტადი დანაზოგები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდას, ასევე კაპიტალის ბაზრების განვითარებას. ამ მხრივ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო სააგენტო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორც ინსტიტუციური მოთამაშე, და ხელს შეუწყობს საქართველოში ფინანსური სექტორის გაღრმავებას. საპენსიო რეფორმის წარმატებასა და ეფექტიანობას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, თუმცა, გარკვეული კრიტერიუმები მის შეფასებაში განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობენ. მათ შორის, აღსანიშნავია საპენსიო სისტემის ადეკვატურობა, ხელმისაწვდომობა და მდგრადობა. ადეკვატური სისტემა გულისხმობს საპენსიო განაცემების ისეთ დონეს, რომელიც საპენსიო ასაკის მოსახლეობის უმრავლესობისთვის სიღარიბის აღმოფხვრასა და ცხოვრების მანძილზე მოხმარების ერთგვაროვან გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამასთან, მნიშვნელოვანია, საპენსიო სისტემის ფართო მასებისთვის ადვილი ხელმისაწვდომობა და დაკავშირებული ფისკალური დანახარჯების მისაღები დონის შენარჩუნება. მდგრადობა საპენსიო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია და გულისხმობს მის გამართულ ფინანსურ შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში და გამძლეობას ეკონომიკური, დემოგრაფიული თუ პოლიტიკური შოკების მიმართ. ეფექტიანობის თვალსაზრისით," - აღნიშნულია სებ-ის 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ბოლო წლებში ქვეყნების საპენსიო სისტემები ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც, ერთი მხრივ, მიმდინარე დემოგრაფიული ძვრებით, მეორე მხრივ, კი მსოფლიო ბაზრებზე არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებით არის გამოწვეული. 

"წმინდა ჩანაცვლების კოეფიციენტი საპენსიო სისტემების ეფექტიანობისა და მდგრადობის შესაფასებლად ფართოდ გამოყენებადი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი ასახავს მოსალოდნელი ყოველთვიური პენსიის ფარდობას ყოველთვიური შემოსავლის (გადასახადების გამოკლებით) დონესთან, პირის პენსიაზე გასვლის მომენტისათვის. წმინდა ჩანაცვლების კოეფიციენტის შეფასება ისეთ დაშვებებსა და პროგნოზებს ეფუძნება, როგორებიც არის მოსალოდნელი ხელფასის დონე, საპენსიო შენატანების მოცულობა, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, ინფლაცია, საპენსიო აქტივებზე ამონაგების განაკვეთი და საპენსიო ასაკამდე დარჩენილი წლების რაოდენობა. რამდენადაც აღნიშნული მაჩვენებლის შეფასება გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება, მისი სენსიტიურობა მაღალია ისეთი დაშვებების მიმართ, როგორიც არის საპენსიო შენატანების წილი და საპენსიო აქტივებზე ამონაგების განაკვეთი," - განმარტავს სებ-ი.

როგორც ეროვნულ ბანკში ასკვნიან, 2019 წელს ამოქმედებული საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საშუალო/გრძელვადიან პერიოდში სოციალური დისბალანსისა და ფისკალური წნეხის შემცირების კუთხით. თუმცა, სებ-ი შემდგომი განვითარებისთვის, საჭიროდ მიიჩნევს, სისტემურად შეფასდეს საპენსიო პოლიტიკის ეფექტურობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებები, მოსალოდნელი ფისკალური დანახარჯები და უთანასწორობის გეპი პილარ 1-სა და პილარ 2-ის მონაწილეებს შორის. 

"აღნიშნული ანალიზი ხელს შეუწყობს საპენსიო პოლიტიკის შემდგომ დახვეწასა და დამატებითი მექანიზმების ამოქმედების საჭიროების განსაზღვრას," - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system