თავში

სებ-მა ინტერვენციებით სავალუტო ბაზარზე 747 მლნ დოლარამდე შეუშვა

სებ-მა ინტერვენციებით სავალუტო ბაზარზე 747 მლნ დოლარამდე შეუშვა
სებ-მა ინტერვენციებით სავალუტო ბაზარზე 747 მლნ დოლარამდე შეუშვა

2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა (სებ) პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 747 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

აქვე განმარტებულია, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2020 წლის 10 ნოემბერს 37.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება.  დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. 

"საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ოქტომბერში წ/წ 92.5%-ით შემცირდა სექტემბერში წ/წ 93.6%-იანი კლების შემდგომ. აბსოლუტურ გამოსახულებაში ოქტომბერში 49.7 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტების უმეტესობა შეადგენდა სახმელეთო ვიზიტს მეზობელი ქვეყნებიდან," - განმარტებულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში განმარტებულია, რომ საქსტატის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, სექტემბერში წ/წ 8.6%- იანი ზრდის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში ექსპორტი წ/წ 2.2%-ით შემცირდა.

"აბსოლუტურ მაჩვენებლებში ექსპორტის მოცულობა წ/წ 7.0 მლნ აშშ დოლარით, 312.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. საერთო ჯამში, ექსპორტის დინამიკა დამაიმედებელი რჩება, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების გაზრდისა და მობილობის მკაცრი შეზღუდვებისა, საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზრებზე. სექტემბერში წ/წ 9.0%-იანი კლების შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იმპორტის ვარდნამ წ/წ 23.5% შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში იმპორტის მოცულობა 217.3 მლნ დოლარით, 706.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. ოქტომბრის თვეში იმპორტის შემცირებისა და შედარებით მდგრადი ექსპორტის შედეგად, სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ, სავაჭრო დეფიციტი სექტემბერში წ/წ 34.8%-ით შემცირდა და 394 მლნ აშშ დოლარი შეადგინა," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა 19 ნოემბერს იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system