თავში

სებ-ს ინტერვენციების გააქტიურებას ურჩევენ

სებ-ს ინტერვენციების გააქტიურებას ურჩევენ
სებ-ს ინტერვენციების გააქტიურებას ურჩევენ

სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური პროცესების გამო ლარს გაუფაასურების დიდი საფრთხე ელის, ამიტომ აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე პერიოდში ინტერვენციები, მინიმუმ 40-40 მილიონი დოლარის ფარგლებში განახორციელოს. ამის შესახებ report.ge-თან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საუბრობს. 

მისი თქმით, ფინანსურ სექტორში დიდი პრობლემაა და მდგომარეობის გამოსწორება საპროცენტო განაკვეთების კლების გარეშე ვერ მოხერხდება, რის გამოც სებ-მა ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს და ამით ფინანსურ სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

,,ლარს სუსტი ვალუტის იმიჯი აქვს, არ არის მყარი და არ ენდობა მოსახლეობა. მოგეხსენებათ, რომ შექმნილი პოლიტიკური პროცესების გამო კურსთან დაკავშირებით საგრძნობ ცვლილებას ველოდებით, რასაც ეროვნული ბანკი უპასუხისმგებლოდ ეკიდება. არ აქვთ შეგრძნება , რა შეიძლება მოყვეს ამ პოლიტიკურ ფაქტორს, რომელიც ამოქმედებულია. დროულად თუ არ ჩაერევიან და ინტერვენციებს არ განახორციელებენ, უკვე 5 მარტიდან გვექნება სხვა ფასები მომსახურებაზე. ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა მოიხსნა და გვაქვს ინფორმაცია, რომ გადაზიდვების ღირებულება მინიმუმ 5%-ით არის გაძვირებული. კურსი თუ გაექცათ, სერიოზული საფასო ცვლილებაა მოსალოდნელი და მერე ამას არაფერი ეშველება" - ამბობს ნიკა შენგელია. 

მისი განცხადებით, დროა, იფიქრონ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რის პრეცენდენტიც მსოფლიოში არსებობს. ,,ელექტრონული ფულის შემოღების თაობაზე ყველგან  აქტიურად მიდის მსჯელობა, ამ ტიპის ფულმა სამომავლოდ თავისი დიდი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ხოლო გამომშვები სახელმწიფო უნდა გახდეს.  ამაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეს მთავრობა, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული ნაბიჯია გადასადგმელი საპროცენტო განაკვეთების კლების მიმართულებით.  ეროვნული ბანკი სესხს გასცემს 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, ხოლო შემდეგში ბანკები 12%-იდან იწყებენ სესხების გაცემას, ამით ეკონომიკა ვერ ამოიქოქება. ინვესტიცია თუ რამე შემოდის, 45%-მდე ფინანსურ სექტორში მიიმართება. ევროპიდან 1-2%-ის ფარლებში მიღებული რესურსი  7%-ად გაიცემა დოლარში, ასეა წლების განმავლობაში და საბოლოოდ ეროვნული ვალუტა ზარალდება", - დასძენს შენგელია.

რაც შეეხება ინტერვენციებს, 2021 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა (სებ) პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ 120 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ბოლო ინტერვენცია სებ-მა 2021 წლის 18 თებერვალს განახორციელა, როცა შიდასავალუტო ბაზარს 40 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system