თავში

სებასტიან მოლინეუსმა და გიორგი გახარიამ 3 საკითხი განიხილეს

სებასტიან მოლინეუსმა და გიორგი გახარიამ 3 საკითხი განიხილეს
სებასტიან მოლინეუსმა და გიორგი გახარიამ 3 საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან იმ 3 საკითხებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, ახალი კორონავირუსი და მსოფლიო ბანკის დახმარება ვაქცინაციის პროცესში.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხისთვის ვაქცინაციის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება მოხდეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტები და სტრატეგია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანას - მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს - დახმარებია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ამჯერად, მზად ვართ საქართველოს დავუჭიროთ მხარი ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო საკითხი იყო სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რაც სამომავლოდ კონკურენციის ხელშეწყობას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის შექმნას გულისხმობს“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

შეგახსენებთ, დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system