თავში

სექტემბრიდან გაძვირების ახალ ტალღას ელიან

სექტემბრიდან გაძვირების ახალ ტალღას ელიან
სექტემბრიდან გაძვირების ახალ ტალღას ელიან

იმპორტიორების ინფორმაციით, სექტემბრიდან ფასების ზრდა მოუწევთ. ცვლილება ძირითადად სურსათს შეეხება. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, ამის მიზეზი არის ევროს მაღალი კურსი დოლარის მიმართ, რაც ბოლო პერიოდში ვაჭრობაში სერიოზულ პრობლემას ქმნის. ივა ჭყონიას თქმით, განსაკუთრებით მოიმატებს იმ პროდუქტის ფასი, რომლის გაძვირებაც FAO-ს ფასების ინდექსითაც დადასტურდა. ასეთია შაქარი, ზეთი, მცენარეული ცხიმები და რძის ნაწარმი.

,,ბოლო პერიოდის ტენდენცია ფასების მხრივ არასახარბიელო, თუმცა აქამდე ადგილობრივ ბაზარზე გაძვირებისგან თავს ვიკავებდით. ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე 1 თვეა, ცვლილებისთვის არ მიგვიმართავს. გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობა ძირითადად ხდება ევროში. ამ დროს ვხედავთ, რამდენად არასტაბილურია ევრო დოლართან, რის გამოც ფასები მუდმივად იცვლება. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ცვლილებას ქართულ ბაზარზეც უნდა ველოდოთ. ტენდენცია სექტემბერში გამოიკვეთება, ვერ ვიტყვით, რომ მკვეთრად გაძვირდება პროდუქტი, თუმცა გარკვეული ზომების მიღება ნამდვილად მოგვიწევს. ჯერჯერობით კი არსებობს გარკვეული მარაგები, რის ხარჯზეც ფასის შენარჩუნება შესაძლებელია.  როგორიც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ პროდუქტის გაძვირება არასასიამოვნო იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. ბიზნესიც და მომხმარებელიც ხშირი რყევების გამო ზარალდება", - აცხადებს ჭყონია report.ge-თან. 

მისი თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა კომპანიებისთვის მოსახლეობის მსყიდთვითუნარიანობის კლებაა, რის გამოც რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია. იმპორტიორის თქმით, პრობლემის გამოსწორება ტურისტების კლების, უმუშევრობის ზრდისა და სავალუტო რყევების ფონზე რეალურად შეუძლებელია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივლისში 2.4%-ით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. 1,4%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, ხოლო ზეთის ფასი 7.6%-ით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system