თავში

სემეკი სვანეთის უფასო ელექტრომომარაგების წინააღმდეგია

სემეკი სვანეთის უფასო ელექტრომომარაგების წინააღმდეგია
სემეკი სვანეთის უფასო ელექტრომომარაგების წინააღმდეგია

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაუდასტურეს.

როგორ წარმოუდგენია მარეგულირებელ კომისიას მაინერების გაკონტოლება და რას გეგმავს ის ამ მიამრთულებით, ამ კითხვით სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას მივმართეთ.

როგორც ნარმანიამ აგვიხსნა, სემეკი "ენერგოპრო ჯორჯიასთან" ერთად შეებრძოლება სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის სისტემაზე უკანონო მიერთებებს. გამკაცრდება მონიტორინგი.

"ბიტკოინების წარმოების მონიტორინგს "ენერგოპრო ჯორჯიასთან" ერთად შევეცდებით. ეს კომპანია არის ქსელში ლიცენზიის გამანაწილებელი და ჩვენ, როგორც მარეგულირებელი, გვერდში დავუდგებით მას. ქსელზე უკანონო მიერთებები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების უნდა აღმოიფხვრას.ამ ნაწილში ჩვენ კომპანიის გვერდით ვიქნებით," - განუცხადა report.ge-ს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სვანეთის უსასყიდლოდ ენერგომომარაგება "ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალს ზრდის. კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში, სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა.

„კომერციული ობიექტები იხდიან გადასახადს, ფიზიკური პირები კი - ვერ. სწორედ ამის გამო მიმაჩნია საჭიროდ, რომ საკითხს გადავხედოთ. ყოველწლიურად მთავრობა 30 მლნ. ლარზე მეტს ხარჯავს, რათა მოწყვლად ჯგუფებს კომუნალურების გადასახადი დაუფაროს, ამ ფონზე სვანეთის ელექტროენერგიის გადასახადისგან სრულად განთავისუფლება ნაკლებადსამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მესტიაც ელექტროენერგიის სამართლიანი ტარიფის ჩარჩოს დაექვემდებარება. ამის გარანტი ახალი კანონი უნდა გახდეს," - აღნიშნა ნარმანიამ report,ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50 %-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system