თავში

შაქარი და ტკბილეული გაძვირდა

შაქარი და ტკბილეული გაძვირდა
შაქარი და ტკბილეული გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 17.4 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის ნოემბრის ანგარიშიდან. ეს პროდუქტები გაძვირებულია ბოლო 30 დღის განმავლობაშიც - 0.9 პროცენტით.

წლიურ ჭრილში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);

2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

წარმოების სტიმულირების მიზნით, მთავრობამ კომპანია "აგარის შაქარს" შეღავათები დაუწესა და ამუშავებაში დაეხმარა, თუმცა შეღავათების ვადა, 31 დეკემბერს ამოიწურა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. კომპანიისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ქარხნის სრული დატვირთვით ასამუშავებლად, თუმცა მთავრობამ მას დახმარების ახალი პაკეტი შესთავაზა და აპრილიდან აგარის შაქრის კომბინატში საწარმოო პროცესი განახლდა. 2021 წლის ბოლომდე ქარხანა 70 000 ტონა შაქრის ნედლეულს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა და სახელმწიფოს დახმარებით, მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე აღადგინა. „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას. სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

ცნობისთვის, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი "აგარის შაქრის" წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system