თავში

შაქარი ისევ გაძვირდა

შაქარი ისევ გაძვირდა
შაქარი ისევ გაძვირდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.4 პროცენტით გაძვირდა.  ეს საქსტატის ინფლაციის თებერვლის მონაცემებით დასტურდება. შაქარი ქვეყანაში გაძვირებულია 12-თვიან ჭრილშიც. ამ აუცილებელ და მასობრივი მოხმარების პროდუქტზე ფასი 2020 წლის თებერვალთან შედარებით გაზრდილია 14.1 პროცენტით.

ზრდადი ტენდენცია შეიმჩნევა შაქრის საერთასორისო ფასებშიც.  FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ითაა მომატებული. ფასების ზრდის მიზეზად შაქარზე გაზრდილ მოთხოვნას და მწარმოებელ ქვეყნებში, რუსეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებ წარმოებას უკავშირებენ. ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, შაქრის გლობალურ გაძვირებას ხელი შეუწყო, სამხრეთ ამერიკაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელმა კლიმატურმა პირობებმაც, რამაც მოსავალი დააზარალა.

საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება  2020 წელს ქვეყანამ 51,275.18 ათასი დოლარის ღირებულების 143,207.15 ტონა შაქარი იყიდა. 2020 წელს საქართველოსთვის შაქრის უმსხვილესი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, რუსეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.

2019 წელს საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

წარმოების სტიმულირების მიზნით, მთავრობამ კომპანია "აგარის შაქარს" შეღავათები დაუწესა და ამუშავებაში დაეხმარა, თუმცა შეღავათების ვადა, 31 დეკემბერს ამოიწურა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დრო ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კომპანია მთავრობასთან დახმარების ახალ პაკეტზე მოლაპარაკებები განაახლა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და აპრილიდან აგარის შაქრის კომბინატში საწარმოო პროცესი განახლდება. 2021 წლის ბოლომდე ქარხანა 70 000 ტონა შაქრის ნედლეულს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა და სახელმწიფოს დახმარებით, მუსაობა 2020 წლის ზაფხულზე აღადგინა. „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას. სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

ცნობისთვის, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი "აგარის შაქრის" წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system