თავში

შეღავათების უმეტესობა დისკრიმინაციულად მიიჩნევა

შეღავათების უმეტესობა დისკრიმინაციულად მიიჩნევა
შეღავათების უმეტესობა დისკრიმინაციულად მიიჩნევა

სპეციალისტების შეფასებით, საგადასახადო შეღავათების დიდი ნაწილი ბიზნესს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და კონკურენციას ასუსტებს. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ეპიდემიისად დაწესებული შეღავათების უმეტესობა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს, ასევე ეწინააღმდეგება სამართლიანი დაბეგვრის პრინციპებს და ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.

,,მთავარი პრობლემაა, რომ შეღავათები მინიმალური დაწესდა იმასთან შედარებით, რა საჭიროებაც ამ მიმართულებით ეპიდემიამ გამოიწვია. ჩემი აზრით, ბიზნესი მეტ დახმარებას საჭიროებდა, მიდგომა აშკარად არ მომწონს. ჯერ მაქსიმალურად შეზღუდეს კომპანიები, საქმიანობების დიდი ნაწილი რეგულაციებს დაუქვემდებარეს,  ახლა თითქმის მთლიანად იხსნება ეკონომიკა, ორი უკიდურესობაა. ცხადია, ეკონომიკის გახსნა სულაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ნორმალურად ამუშავდება. ასე ერთბაშად და სწრაფად გახსნაც სწორი არ იყო, ეკონომიკა კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევს იმ მაჩვენებლებს, როგორიც ეპიდემიამდე იყო. მნიშვნელოვანია, რა საგადასახადო პოლიტიკას მიყვება ქვეყანა, რასაც ახლა ვხედავთ, აშკარად არ მომწონს. სახელმწიფოს აქვს უცხოელი ინვესტორებისთვის სპეციალურად დადგენილი შეღავათები, განსაკუთრებული გარემო, რითაც ადგილობრივი ბიზნესი რეალურად ვერ სარგებლობს. აქ საუბარია ძირითადი საშუალებების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე, როგორიცაა მიწის რესურსი, წყალი და სხვა. რაც შეეხებბა ინვესტიციებს, ადგილობრივ ინვესტორზე უკეთესი ინვესტიცია არ არსებობს, არარეზიდენტი პირებისთვის ამხელა აქტივების ხელში ჩაგდება საზიანოა მრავალმხრივ, მათ შორის, ლარის კურსისთვის. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამით რაიმე სარგებელს ვაღწევდეთ, ზარალი კი გაცილებით მეტია", - აცხადებს სიმონიშვილი report.ge-თან.

ეკონომისტის შეფასებით, კონკურენცია ეკონომიკის მთავარი პირობაა, ხოლო არათანაბარი საგადასახადო შეღავათები ცუდად მოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით, როცა ყოველთვის უცხოელი ინვესტორია წინა პლანზე, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია დამატებითი რესურსების მობილიზება და არსებული საგადასახადო შეღავათები გადასახედია, მათი ნაწილი უნდა გაუქმდეს.

ეკონომიკის სპეციალისტების ნაწილი საგადასახადო შეღავათების დაწესების იდეას არ ემხრობა. მათი განმარტებით, საგადასახადო შეღავათი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system