თავში

შეღავათიანი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 406 მილიონით დაფინანსდა

შეღავათიანი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 406 მილიონით დაფინანსდა
შეღავათიანი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 406 მილიონით დაფინანსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის მეშვეობით ბანკების მიერ სულ 3 მილიარდი ლარის მოცულობის 27 ათასი სესხი გაიცა.მათში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2020 წლებში 406 მილიონი ლარის სუბსიდიაა განხორციელებული.

რეგიონების მიხედვით, პროგრამის სასესხო პორტფელის სიდიდით პირველ ადგილზეა კახეთი, სადაც პროგრამის ფარგლებში 12 ათასი ბენეფიციარისთვის სულ 1.66 მილიარდი ლარის სესხია გაცემული, ხოლო ბიუჯეტიდან სუბსიდია 214 მილიონ ლარს უტოლდება,ანუ, გამოდის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი კახეთში იხარჯება.

მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 339 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, რომელიც 4.8 ათას ბენეფიციარზე ნაწილდება. ამ რეგიონში  პროგრამის სუბსიდია 50 მილიონ ლარს შეადგენს 2013-2020 წლების განმავლობაში. 

შეგახსენებთ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წელს დაიწყო და ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია ეძლევათ. თავდაპირველად 2013 წელს პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, შემდგომ 2014 წელს ის 29 მილიონამდე გაიზარდა, 2015-2017 წლებში დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018 წელს 60 მილიონამდე, 2019-ში 71 მილიონამდე, 2020 წელს კი 93 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს საქართველოში შეღავათიანი აგროკრედიტით 300 მლნ ლარზე მეტი გაიცა. გაცემულია 425,442,203 ლარის ღირებულების 6,573 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 74,295,448 ლარი. მათ შორის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

20201 წელს  ,,შეღავათიან აგროკრედიტში“ ცვლილებები შევიდა. პროექტს ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება, დაემატა, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებას მოიცავს. გარდა ამისა, პროექტს დაემატა მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის საწარმოების თანადაფინანსებაც. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას. აღნიშნული მიმართულებების განვითარების, მათ შორის, მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია, მხარდაჭერას სახელმწიფო სხვა პროექტებითა და პროგრამებით ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

მომავალში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა და სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს გასულ წელს დაემატა თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system