თავში

შეიცვლება თუ არა ენერგოპოლიტიკა აფხაზეთთან

შეიცვლება თუ არა ენერგოპოლიტიკა აფხაზეთთან
შეიცვლება თუ არა ენერგოპოლიტიკა აფხაზეთთან

საქართველოში  ელექტროენერგიის ჭარბი იმპორტის ძირითადი მიზეზი აფხაზეთის ენერგომოხმარებას უკავშირდება, თუმცა მიდგომა ოკუპირებული რეგიონის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით არ იცვლება. აფხაზეთი, რამდენიც უნდა, მოიხმარს რეაბილიტირებული ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებულ დენს, ამიტომ ბუნებრივია, რომ როგორც ენერგეტიკსოები, ასევე ბოლო დროს, არასამთავრობო სექტორიც, აფხაზეთთან ენერგოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა,  ამბობს, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტად ლოიალური მიდგომა აქვს. კერძოდ, უსამართლობაა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია აფხაზეთს და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს.

,,აფხაზეთს მიაქვს იმდენი დენი, რამდენიც დასჭირდება. ამ დროს ვიცით, რომ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა, საქართველოს მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებულიო დენის უდიდესი ნაწილი ამ პროცესს ხმარდება და ეს იქცა ტრადიციად. ამ დროს განვიცდით ელექტროენერგიის დეფიციტს, ასეთ მდგომარეობაში განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არა აქვს. გასაგებია, რომ აფხაზეთს უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს", - ამბობს ჭითანავა.

აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოწესრიგებას ითხოვს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძეც. 

,,მიმაჩნია, რომ უნდა  მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რა აჯობებს, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესები არ ზარალდებოდეს. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად ან დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს ჭიჭინაძე report.ge-თან.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ აფხაზეთთან ენერგოპოლიტიკის შეცვას ითხოვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. 

,,მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ენერგოგენერაციის კლების ფონზე საქართველოში 117%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი. 

ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა. საქართველოს დენის სამთვიანი იმპორტი 31,68 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი გავიდა. საქართველოს დენის ოთხწლიანი იმპორტი 285 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system