თავში

შემოსავლებისა და ხარჯის დისბალანსი - ბიუჯეტის მთავარი გამოწვევა

შემოსავლებისა და ხარჯის დისბალანსი - ბიუჯეტის მთავარი გამოწვევა
შემოსავლებისა და ხარჯის დისბალანსი - ბიუჯეტის მთავარი გამოწვევა

საბიუჯეტო ხარჯი კატასტროფულად მატულობს და მაინც არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა covid-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ამის შესახებ report.ge-თან აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ განაცხადა. მისი ვარაუდით, მთავრობას დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს, რომ პრობლემის მოგვარება შეძლოს, რის რესურსსაც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან დამატებით მიიღებს.

,,ბიუჯეტში შემოსავლები კლებულობს და ხარჯი იზრდება, რაც ბუნებრივი ტენდენციაა, რადგან ხარჯი covid-19-თან დაკავშირებული პროცესების გამო გაიზარდა. ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია, რაც შემოსავალს ამცირებს. ამ მდგომარეობაში მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკაა, მით უმეტეს, დიდი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.დიდი რეზერვები არ გაგვაჩნია გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად და ძირითადად დამოკიდებული ვართ იმ დახმარებებზე, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვიღებთ. მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ბიუჯეტის წარდგენილ პროექტში ჩადებს მექანიზმს, რაც არსებული გამოწვევების საპასუხოდ იქნება მიმართული. ახლა ის დროა, როცა ეკონომიკისა და ადამიანთა გადარჩენას შორის შუალედი უნდა დავიჭიროთ. სხვა შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ეპიდემია მოკლავს თუ შიმშილი! ამიტომ არ გვაქვს სხვა გამოსავალი და ვერ შევამცირებთ იმ ფინანსებს, რასაც ვირუსის გამკლავება ითხოვს", - აცხადებს აკადემიკოსი.

ავთო სილაგაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბეწვის ხიდზე გადის, ხოლო რამდენად ეფექტურად იხარჯება ფინანსური რესურსი, მალე გამოჩნდება, როცა გატარებული ღონისძიებების შედეგს ქვეყანა იგრძნობს.

,,საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯი უთანასწოროა, რის ტენდენცია გაგრძელდება. ცნობილია, რომ 1,1 მილიარდი ლარი მოცემულ ეტაპზე დაიხარჯება, მაგრამ მეტი ხარჯის გაწევა გახდება საჭირო როგორც ეკონომიკის, ასევე მოსახლეობის გადასარჩენად. რისი საშუალებაც გვექნება ფინანსური ორგანიზაციებისგან, რეზერვები მაქსიმალურად უნდა იქნას მოზიდული. დღეს მეტი სირთულეა, ვიდრე ეპიდემიის პირველი ეტაპის დროს იყო, ამიტომ დღესდღეობით არსებული რესურსი არასაკმარისია. სულ მცირე, 2-ჯერ მეტია საჭირო, რათა საბოლოოდ ვთქვათ, რომ სტაბილურობისა და აღმავლობისკენ მივდივართ. დიდი ძალისხმევაა საჭირო, ვიმედოვნებ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ გამოწვევას გაუმკლავდება", - აცხადებს ავთო სილაგაძე. 

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობას - 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს (წინა წარდგენებთან შედარებით ასიგნებების მოცულობა იზრდება 1 313.1 მლნ ლარით).

ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12 778.3 მლნ ლარს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system