თავში

შემცირდება თუ არა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანში ტვირთი

შემცირდება თუ არა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანში ტვირთი
შემცირდება თუ არა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანში ტვირთი

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო დერეფანი აკავშირებს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს და ფასდება, როგორც სასიცოცხლო რგოლი ევრაზიული ტრანსპორტირებისთვის, ვინაიდან, სპეციალისტების შეფასებით, ეს არის გადატვირთული მარშრუტების კარგი ალტერნატივა, რაც რეგიონის ქვეყნებს ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, თუმცა სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნახიჩევანის სარკინიგზო მაგისტრალის მილსადენით, რეგიონის სტატუს კვო შეიძლება შეიცვალოს. მათივე განმარტებით, აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძენენ სარკინიგზო დაშვებას ერთმანეთის ტერიტორიებზე და აღარ დასჭირდებათ მესამე ქვეყნები. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ BTK დერეფანმა შეიძლება დაკარგოს სატრანზიტო ტვირთნაკადის ნაწილი.

შარშან რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის ომი. აზერბაიჯანი გეგმავს დავიწყებული კავკასიური სარკინიგზო ხაზის აღდგენას, რაც, არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და მისი შორეული ტერიტორიების კავშირებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ ირანისა და რუსეთისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანზე უკეთესი კავშირის შესაძლებლობას ხედავენ. ეს სარკინიგზო ხაზი ახალი არ არის. იგი აშენდა 1941 წელს, როდესაც აზერბაიჯანი იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და 1989 წელს გახდა უმოქმედო საბჭოთა კავშირის დაშლისა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური დაძაბულობის პირველი ნიშნების გაჩენისტანავე. იგი გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირსა და სპარსეთის ყურის ირანის პორტებს შორის სატვირთო ტრანსპორტირებისთვის. ნახიჩევანის რკინიზგის ამოქმედებით ეს მონაკვეთი დაიბრუნებს ძველ ფუნქციას, ანუ რუსეთს დააკავშირებს სპარსეთის ყურესთან და ინდოეთთან. სამუშაოები მოიცავს დაახლოებით 100 კილომეტრის რკინიგზის რეკონსტრუქციას.

რუსეთი მხარს უჭერს მხარს ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის განვითარებას, ირანი ამ სცენარში ტრანსკავკასიური სარკინიგზო დერეფანში პირდაპირი აშვების შანსს ხედავს. აზერბაიჯანს ამ ხაზის ამოქმედება უპირველესად აწყობს, რადგან მიიღებს უკეთეს კავშირს მის შიდა და გარე რეგიონებს შორის.  ამ დრომდე, სატვირთო მატარებლები გადიან გაცილებით მეტ მანძილს, რომელიც მოძრაობს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრებთან და ირანის საზღვართანაც. ეს ხაზი აწყობს სომხეთსაც, რადგან ეს ქვეყანა, აზერბაიჯანთან ერთად, აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი კავკასიაში, რაც უფრო ინტეგრირებულს გახდის ჩრდილო-სამხრეთ-ევრაზიის დერეფანს და ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის მნიშვნელოვან გადამზიდველებს რეგიონში. 

ცნობისთვის, ნახიჩევანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას შეუერთდება, ანუ ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანადაა მიჩნეული ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, თუმცა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და, ექსპერტების შეფასებით, ამ დერეფნის სარგებლიანობას ამცირებს და საქართველოც კარგავს შემოსავალს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს შევა. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა.

BTK  2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის შესვლას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. BTK– ის საერთო სიგრძეა 846 კმ. აქედან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, 263 კმ გადის საქართველოზე, ხოლო სარკინიგზო ხაზის 79 კმ თურქეთშია განთავსებული. ამ მაგისტრალზე სამგზავრო გადაყვანების ამოქმედებაც იგეგმება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება და მაგისტრალი თავისი სარკინიგზო შემადგენლობით ყველა სტანდარტის სერტიფიკატს მიიღებს.

რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ჩნდება, რაც ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ შტრიხებს უდაოდ შეიტანს, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, ეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საუბარია თურქეთ - სომხეთის (ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს) დერეფნის ამოქმედებაზე. ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს.

ნახიჩევანის სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ირანი, ანუ აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით.

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას. იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system